რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NY Times-ი ესპანეთში ყოფილი რუსი პილოტის მკვლელობის ახალ დეტალებს ავრცელებს

მაქსიმ კუზმინოვი  
Vladyslav Musiienko/Associated Press  

ამერიკული გამოცემა The New York Times-ი წერს ახალ დეტალებს, თუ როგორ მოკლეს ესპანეთში ყოფილი რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინოვი, რომელმაც გასულ წელს ვერტმფრენი უკრაინულ მხარეს გადასცა.

NYT-ის ცნობით, კუზმინოვს ჯერ ექვსჯერ ესროლეს, შემდეგ კი ავტომობილით გადაუარეს. გამომძიებლების თქმით, მათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამხილი დატოვეს: მაკაროვის პისტოლეტის 9-მმ-იანი მასრები, რომლებიც "ყოფილი კომუნისტური ბლოკისთვის სტანდარტული ტყვია-წამალია".

"ეს ცხადი გზავნილი იყო: "გიპოვი, მოგკლავ, გადაგივლი და დაგამცირებ"." – თქვა NYT-თან გამოძიებაზე პასუხისმგებელმა ერთ-ერთმა მაღალი რანგის პოლიციელმა, სამოქალაქო გვარდიის წარმომადგენელმა.

მოკლული კუზმინოვი 13 თებერვალს, ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე სანაპირო ქალაქ ვილიახოიოსაში იპოვეს.

ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის მაღალი რანგის თანამშრომლის თქმით, კუზმინოვი ძალიან "დაუფარავი ცხოვრებით" ცხოვრობდა. ის დადიოდა ბარებში, რომლებიც პოპულარული იყო რუსულ და უკრაინულ წრეებში. გადაადგილდებოდა მერსედეს S-კლასის მარკის შავი ავტომობილით.

ზუსტად არაა ცნობილი, როგორ იპოვეს მკვლელებმა ყოფილი პილოტი, თუმცა NYT-თან ორმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ კუზმინოვი დაუკავშირდა საკუთარ ყოფილ შეყვარებულს, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთში ცხოვრობდა. მან გოგო ესპანეთში დაპატიჟა. მაღალჩინოსნებმა ამ გადაწყვეტილებას "სასიკვდილო შეცდომა" უწოდეს.

პოლიციის მაღალჩინოსნებმა ამერიკულ მედიასთან ანონიმურად აღნიშნეს, რომ მკვლელობის დეტალები ჰგავდა გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მკვლელობასა და რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეს. მათივე თქმით, ორი კაპიუშონიანი პირი, რომლებიც კუზმინოვის სახლის პარკინგის კამერებში გამოჩნდნენ, აშკარად პროფესიონალები იყვნენ.

მას შემდეგ, რაც კუზმინოვმა მხარე შეიცვალა, უკრაინის ხელისუფლებამ მას 500 000 დოლარი გადაუხადა და გადასცა უკრაინული პასპორტი ცრუ სახელითა და გვარით. დოკუმენტი იგორ შევჩენკოს სახელზე იყო გაცემული. ამას გარდა, მას მისცეს შანსი, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში კიევის მხარეს ჩართულიყო. ამის ნაცვლად კუზმინოვმა უკრაინა ოქტომბერში დატოვა და ესპანეთში, ვილიახოიოსაში ჩავიდა. ყოფილი პილოტი დასახლდა სანაპიროდან 10 წუთის სავალზე დაშორებულ კორპუსში, მეცხრე სართულზე.

როგორც ესპანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა NYT-თან თქვეს, ეს იყო უცნაური არჩევანი, რადგან ამ რეგიონს რუსული ორგანიზებული კრიმინალის ჯგუფები კარგად იცნობდნენ. მაგალითისთვის, 2020 წელს ესპანეთის პოლიციამ დააკავა რუსულ კრიმინალურ ჯგუფებთან დაკავშირებული 20-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან ზოგი ამ ქალაქის მახლობლად, იგივე პროვინციაში ცხოვრობდნენ. მათ ბრალად დაედოთ ფულის გათეთრება, ნარკოტიკების გაყიდვითა და ადამიანთა ტრეფიკინგი

NYT-თან ანონიმური კომენტარი გააკეთა კიდევ ერთმა რუსმა, რომელმაც მხარე შეიცვალა და ასევე ესპანეთში ცხოვრობს. მისი თქმით, ეს არის რეგიონი "წითელი ზონა", რომელიც სავსეა რუსეთის ჯაშუშებით.

"მე იქ არასდროს წავალ." – თქვა მეორემ.

NYT-ის მიხედვით, 13 თებერვლის გამთენიისას თეთრი ჰიუნდაი კუზმინოვის სახლის ქვეშ მდებარე გაჩერებაზე შევიდა, მათში მსხდომი პრო კაცი კი კუზმანოვს საათობით ელოდნენ.

ადგილობრივი დროით დაახლოებით 4:20-ზე კუზმინოვი ავტოფარეხში შევიდა, მანქანა გააჩერა და ლიფტისკენ სვლა დაიწყო. როდესაც მან თეთრ ჰიუნდაის ჩაუარა, ორმა მკვლელმა მას დაუძახა და ესროლეს. მიუხედავად იმისა, რომ მას 6 ტყვია მოჰყვა, მან სიკვდილამდე მცირე მონაკვეთზე გაქცევა მაინც შეძლო. ორი მკვლელი მანქანაში დაბრუნდა, კუზმინოვს გადაუარეს და წავიდნენ. მალევე ეს მანქანა ცეცხლმოკიდებული იპოვეს.

კომენტარები