საქართველოს დამოუკიდებლობა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარებიდან 33 წელი გავიდა

33 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის აღდგენას. 

"თანახმა ხართ თუ არა აღდგეს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე" - რეფერენდუმის ამ შეკითხვას მონაწილეთა 99.08%-მა, 3 295 493  მოქალაქემ დადებითად უპასუხა. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. 

საერთო-სახალხო რეფერენდუმი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილების საფუძველზე. ამ დადგენილებით გაუქმდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი სსრ კავშირის შენარჩუნების თაობაზე. 

31 მარტის რეფერენდუმის შედეგები იყო საფუძველი საქართველოს უზენაეს საბჭოსთვის, რომ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადებინა.

ამასთან, 31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. 

 

კომენტარები