საქართველოს დამოუკიდებლობა

საქართველოს პირველი პარლამენტარი ქალები

ზუსტად 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა - სწორედ ამ დღეს მიიღო საქართველომ დამოუკიდებლობის აქტი.

ქვეყანაში დაფუძნდა მთავრობა და საკანონმდებლო ორგანო, ფაქტობრივად, პარლამენტი - დამფუძნებელი კრება.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე ადრე, ჩატარდა საყოველთაო არჩევნები, სადაც მონაწილეობდნენ როგორც კაცები, ასევე ქალები.

საქართველოში პირველი არჩევნები 1919 წლის 14-17 თებერვალს ჩატარდა, მასში მონაწილეობა 616,150-მა ადამიანმა მიიღო, საერთო აქტივობა 60%-ს შეადგენდა

1919 წელს ჩატარებულ დამფუძნებელი კრების არჩევნებში სხვადასხვა პარტიის სახელით კენჭს 17 ქალი იყრიდა, რომელთაგან ხუთი წევრად აირჩიეს. ყველა მათგანი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. დამფუძნებელ კრებაში სულ 130 ადამიანი იყო.ეს ქალები იყვნენ:

მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე (1879-1967)



ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა
სწავლობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, 1901 წლიდან კი ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. შვეიცარიაში სწავლის დროიდან აქტიურად მონაწილეობდა სოციალისტური წრეების მუშაობაში.

დამფუძნებელი კრების წევრად არჩევის შემდეგ მონაწილეობდა შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების საქმიანობაში. 1921 წელს, საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის დროს, მუშაობდა წითელ ჯვარში, შემდეგ ორგანიზაციაში "არა" (ამერიკული დახმარების ორგანიზაცია ‒ American Relief Administration), ხელმძღვანელობდა ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას და აქტიურ ანტისაბჭოთა მოღვაწეობას ეწეოდა.

1924 წელს ერთი წლით მოსკოვში იძულებით გაასახლეს, 1936 წლიდან კი ყაზახეთში. თბილისში დაბრუნების უფლება მხოლოდ 12 წლის შემდეგ მისცეს. გადასახლებაში ყოფნისას აქტიურ სამედიცინო პრაქტიკას ეწეოდა და რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა.

1937-38 წლებში დახვრიტეს მისი ქმარი და ორივე შვილი. გარდაიცვალა 1967 წელს.

ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე (1885-1937)



ფოტო: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივი
1904 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობაში. 1917 წელს "გურიის ქალთა საზოგადოების" თავმჯდომარედ აირჩიეს, 1919 წლიდან კი დამფუძნებელი კრების შრომის კომისიის წევრი გახდა.

ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის პირველად, 38 წლის ასაკში, ურალის მხარეში გადაასახლეს.

1925 წელს ელისაბედი საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ ერთ წელიწადში კვლავ დააკავეს ‒ ჯერ ციმბირში, მინუსინსკის პოლიტ-იზოლატორში მოათავსეს, შემდეგ კი ურალსკისა და ალთაის მხარეში გადაასახლეს.

1937 წელს რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ის კრასნოიარსკის მხარეში კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის დახვრიტეს.

ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე (1875 ‒ გარდაცვალების თარიღი უცნობია) 


ფოტო: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივი
დაამთავრა თბილისის ქალთა გიმნაზიის კურსები. 1905 წლიდან საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა, სადაც პედაგოგად მუშაობდა. სოხუმში აქტიურ მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ გამოსვლებში.

1917 წლამდე რამდენჯერმე დააპატიმრეს. 1919-21 წლებში იყო დამფუძნებელი კრების შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების წევრი.

აქტიურად იყო ჩართული ანტისაბჭოთა მოძრაობაში, 1925 წელს არალეგალური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი გახდა, ერთ წელიწადში კი კვლავ დააკავეს და ქვეყნიდან გადაასახლეს.

ელეონორა 1930-იან წლებში საქართველოში დაბრუნდა და კერძო პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. გარდაცვალა 30-იანი წლების პირველ ნახევარში, თბილისში, საკუთარ სახლში, ზუსტი თარიღი უცნობია.

ანა (ოლა) სოლოღაშვილი (1882-1937)



ფოტო: ეროვნული არქივი
21 წლის ასაკიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, მეფის რუსეთის დროს არაერთხელ დაუპატიმრებიათ.

1919-21 წლებში დამფუძნებელი კრების საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიებში მუშაობდა.

1925 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. აქტიურად მონაწილეობდა ანტისაბჭოთა მოძრაობაში. 

1937 წელს დააკავეს და შინსახკომის "ტროიკის" გადაწყვეტილებით, ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის, აგრეთვე "შოვინისტური განწყობების"  ბრალდებით დახვრიტეს.

 

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე (1887-1973)



ფოტო: ეროვნული არქივი
სწავლობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, საიდანა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ გამოსვლების გამო 15 წლის ასაკში გარიცხეს.

ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და თსუ-ს დამფუძნებელი კომიტეტის წევრი.

1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად, იყო ამავე პრეზიდიუმის მდივანი და სამი კომისიის წევრი. 1922 წლის თებერვალში, საქართველოს ოკუპაციის წლისთავთან დაკავშირებით, მე-10 პედაგოგიური სასწავლებლის გაფიცვა მოაწყო, რისთვისაც დააპატიმრეს და რამდენიმე თვე მეტეხის ციხეში იხდიდა სასჯელს. 

1931 წელს თსუ-ს ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა. მოგვიანებით კი, ცნობილი მეცნიერი გახდა, ქართული ხელნაწერების უბადლო მცოდნე და სამხრეთ საქართველოსთან დაკავშირებული ფუნდამენტური ნაშრომის ავტორი.

_____

საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ მცირე ხანს, დაახლოებით სამი წელი იარსება. 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო, რომელიც დაჩქარებული წესით, ბათუმში დაიბეჭდა.

საქართველოს პირველი კონსტიტუცია მხოლოდ 4 დღის განმავლობაში მოქმედებდა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია და ოკუპაცია მოახდინა.

კომენტარები