ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

Axios: ისრაელმა ღაზაში მრავალეროვნული სამხედრო ძალის შექმნის იდეა წამოაყენა

აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანთი თელ-ავივში საერთო პრესკონფერენციას მართავენ, 18 დეკემბერი, 2023
Violeta Santos Moura/Reuters

გამოცემა Axios-ის ცნობით, ვაშინგტონში ვიზიტისას ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანთი ღაზის სექტორში არაბული ქვეყნების ჯარისკაცებისგან შემდგარი მრავალეროვნული სამხედრო ძალის განთავსების ინიციატივით გამოვიდა, რომლის დანიშნულებაც ღაზაში წესრიგისა და კანონიერების აღდგენა, და ჰუმანიტარული დახმარების ესკორტი იქნება.

აღნიშნულის შესახებ Axios-ს ორი ისრაელელი მაღალჩინოსანი ესაუბრა. ერთ-ერთი მათგანის თქმით, "ასეთი ნაბიჯით [ღაზის] ანკლავში შეიქმნება სამმართველო ორგანო, რომელიც ჰამასი არ არის და ღაზაში ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით აშშ-სთან ისრაელის მზარდ პრობლემებს გასცემს პასუხს".

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან შეხვედრისას გალანთმა ამ ინიციატივისთვის აშშ-ს, ადგილზე ამერიკელი ჯარისკაცების განთავსების გარეშე, პოლიტიკური და მატერიალური მხარდაჭერა სთხოვა.

ისრაელელი მაღალჩინოსნების მიხედვით, წარდგენილი გეგმის ფარგლებში არაბული ძალები ღაზაში შეზღუდულად, დროებით დარჩება და აშშ-ს მიერ აშენებული ნავმისადგომის უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი. ამასთანავე, ღაზაში განთავსებული ძალები ჰუმანიტარული დახმარების კოლონების მოსახლეობამდე ხელუხლებლად მიღწევას უზრუნველყოფს.

ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, ისრაელის სამხედრო და თავდაცვის მაღალჩინოსნებმა ეს გეგმა ბოლო კვირების განმავლობაში სამი არაბული ქვეყნის წარმომადგენელთან განიხილეს.

მოგვიანებით, ერთ-ერთი არაბული ქვეყნის მაღალჩინოსანი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გალანთმა არაბული პოზიცია არასწორად გაიგო. მისი თქმით, არაბული ქვეყნები არ არიან მზად, ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჯარისკაცები ღაზაში გაგზავნონ, თუმცა, შესაძლოა ომის შემდეგ ღაზაში მშვიდობისმყოფელების გაგზავნაზე დაფიქრდნენ.

ამასთანავე, მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც არაბული ქვეყნების წინაპირობა იქნება, რომ სავარაუდო არაბული ძალები აშშ-ს სარდლობის დაქვემდებარებაში იყვნენ და დანიშნულება პრობლემის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაჭრისკენ მუშაობა იყოს.

ისრაელელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ იოავ გალანთი და ისრაელის თავდაცვის მაღალჩინოსნები აღნიშნული გეგმის შესახებ საუბრებს აშშ-სა და არაბული ქვეყნების წარმომადგენლებთან ახლო მომავალში გამართავენ.

კომენტარები