რუსეთი-ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

რუსეთის ელჩი: ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვარჩევთ ადგილს სამხედრო ბაზისთვის

ვაგნერელების დაჯილდოვება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში
ვაგნერთან დაკავშირებული ტელეგრამი

რუსეთის ელჩმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ალექსანდრ ბიკანტოვმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ქვეყანაში, სადაც თავად ახლა დიპლომატადაა გაგზავნილი, სამხედრო ბაზის გასახსნელად შესაბამისი ადგილის ძებნა მიმდინარეობს.

"ამჟამად ორი სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტროების ხაზებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. რამდენადაც ვიცი, მიმდინარეობს ბაზის განთავსების ადგილის შერჩევა. კონკრეტულ ვადებზე საუბარი ჯერჯერობით რთულია. გირჩევთ კითხვით თავდაცვის სამინისტროს მიმართოთ." – თქვა ბიკანტოვმა ТАСС-თან საუბარში. 

ფაქტი, რომ რუსეთი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო ბაზის აშენებას აპირებდა ცნობილი ჯერ კიდევ 2019 წელს იყო.

ამას გარდა, ბიკანტოვის თქმით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის სამხედრო-ტექნიკური ურთიერთობა არის ერთ-ერთი წარმატებულად განვითარებადი სფერო. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში ბანგის ხელისუფლება არაა წინააღმდეგი, რომ ქვეყანაში "სამხედრო ინსტრუქტორების" კონტინგენტი გაიზარდოს.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებას ახლო კავშირი აქვს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფთან. სამხედრო ინსტრუქტორებშიც სწორედ ვაგნერის, ან სხვა კსკ-ების მებრძოლები მოიაზრებიან. მას შემდეგ, რაც კსკ ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა 2023 წლის ზაფხულში წარუმატებელი აჯანყება დაიწყო, შემდეგ კი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მოკვდა, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში ვაგნერის გავლენების ხელში ჩაგდებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობდა. 

როგორც ცნობილია ამ საქმიანობას ხელმძღვანელობდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, იუნუს-ბეკ ევკუროვი, რომელიც ევგენი პრიგოჟინმა 24 ივნისს როსტოვში სამხრეთის სამხედრო ოკრუგის შტაბის აღების დროს საჯაროდ დაამცირა. ამას გარდა, აფრიკაში ვაგნერის მემკვიდრეობის შენარჩუნებას დმიტრი სიტიიც ცდილობდა.

ვინ არის დმიტრი სიტიი, რომელიც აფრიკაში ვაგნერის ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს

ვაგნერი აფრიკის კონტინენტზე, მათ შორის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მუშაობას აგრძელებს, თუმცა რეგიონში, ცნობების მიხედვით, მოქმედებს კიდევ ორი რუსული კსკ: რედუტი და კონვოი. 

 

კომენტარები