თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

შეტყობინების შემდეგ, პეტერბურგში სავაჭრო ცენტრის, მოსკოვში კი საავადმყოფოს ევაკუაცია მოხდა

პიროგოვის სახელობის ეროვნული სამედიცინო და ქირურგიული ცენტრი

მოსკოვში პიროგოვის სახელობის ეროვნულმა სამედიცინო და ქირურგიულმა ცენტრმა, სადაც კროკუს სითი ჰოლში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაზარალებულებიც მკურნალობენ, ფოსტით მიიღო წერილი, რომელშიც ამბობდნენ, რომ შენობაში დამონტაჟებული იყო ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის ტაიმერიც 40 წუთზე იყო დაყენებული.  შენობიდან 700-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა და ადგილზე სპეცსამსახურების წარმომადგენლები მივიდნენ. ინფორმაცია ტელეგრამ-არხმა Mash-მა გაავრცელა.

პარალელურად, სანქტ-პეტერბურგის ადგილობრივი მედია Фонтанка წერს, რომ ქალაქში ევაკუაცია ჩატარდა სავაჭრო ცენტრ პასაჟში

სავაჭრო ცენტრის დირექტორმა მედიას უთხრა, რომ მიიღეს ზარი, რომელშიც უთხრეს, რომ შენობაში ბომბი იყო. შენობასთან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მივიდა.

ამ ცნობების შემდეგ არ გავრცელებულა ახალი ინფორმაცია, იპოვეს თუ არა ასაფეთქებლები ერთ, ან მეორე შენობაში, თუ ეს ცრუ შეტყობინებები იყო.


22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.

თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 137-ია. ტერაქტში მონაწილე პირები 23 მარტს დააკავეს. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სპეცსამსახურების თანამშრომელი მოჭრილ ყურს პირში ტენიდა. 24 მარტს კი გავრცელდა ფოტო, რომელშიც კიდევ ერთ თავდამსხმელს აწამებდნენ. ფოტოში ჩანს ფარიდდუნ შამსუთდინი, რომელიც ძირს, შარვალჩახდილი გდია. მას ერთ-ერთ ფეხზე ადგას რუსი ძალოვანი. ფოტოში ჩანს ელექტრომოწყობილობაც, რომლის სადენებიც, სავარაუდოდ, კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელის სასქესო ორგანოზეა შეერთებული.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მომხდარს პირადად მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, გაქცეული ტერორისტები, რომლებიც დააკავეს, უკრაინის საზღვრის მიმართულებით მიდიოდნენ და მეზობელ ქვეყანაში გადასვლას აპირებდნენ. ამას უარყოფს უკრაინა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS), კერძოდ ე.წ. ხორასნის ვილაიეთმა აიღო. ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა მედიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თავდასხმას "ბოლო წლებში ყველაზე დაუნდობელი" უწოდეს და ხაზი გაუსვეს, რომ მათ სამიზნეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ.

ავღანეთიდან მოსკოვამდე – რა არის ISIS-ის ხორასნის ვილაიეთი

7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.

რუსეთის ცნობით, ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია 11 პირი, აქედან 4 უშუალოდ შემსრულებელია. ტაჯიკეთის ოთხ მოქალაქეს: დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდას, ფარიდდუნ შამსუთდინსა და მუჰამადსობირ ფაიზოვს მოსკოვის ბასმანის მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. მათ ბრალი სრულად აღიარეს. სასამართლო პროცესზე ოთხივე ეჭვმიტანილს ეტყობოდა ცემის კვალი.


 

კომენტარები