თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

ჰარისი ტერაქტში უკრაინის მონაწილეობაზე: ამის მტკიცებულება საერთოდ არ არსებობს

კამალა ჰარისი
Kevin Dietsch/Getty Images

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ABC News-თან მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პუტინის ბრალდება მოსკოვში მომხდარ ტერაქტში უკრაინის მონაწილეობასთან დაკავშირებით მცდარია. მისივე თქმით, ზუსტად იციან, რომ ტერაქტი ISIS-მა მოაწყო.

"არა, საერთოდ არ არსებობს ამის ნებისმიერი მტკიცებულება და, რეალურად, რაც ვიცით არის ის, რომ ISIS-K სინამდვილეში, ყველა მხრივ, არის მომხდარზე პასუხისმგებელი". - თქვა ჰარისმა ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა აშშ-ს საბუთი, რომ პუტინის ბრალდებები მართალია.

ვიცეპრეზიდენტმა დაამატა, რომ მომხდარი ტრაგედიაა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

"რაც მოხდა არის ტერორიზმის აქტი, გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი აშკარად ტრაგედიაა და ყველა მათ ოჯახს უნდა მივუსამძიმროთ". - თქვა ჰარისმა. 


22 მარტს რუსეთში, მოსკოვის ოლქის Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში ოთხმა შეიარაღებულმა პირმა მშვიდობიან მოსახლეობაზე ტერორისტული თავდასხმა დაიწყო. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ტერორისტულ თავდასხმას ბოლო მონაცემებით 152 ადამიანი ემსხვერპლა.

უკანასკნელი ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა და სხვა სამართალდამცავმა ორგანოებმა 11 პირი დააკავეს. ხოლო ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ, იგივე ISIS-მა, აიღო.

ISIS-მა 23 მარტს, განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოსკოვის ოლქში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმის დეტალებზეა საუბარი. ამასთანავე, ტერორისტული დაჯგუფება, ოთხი თავდამსხმელის სურათს ავრცელებს, რომელიც, სავარაუდოდ, ტერაქტამდეა გადაღებული.

თუმცა, სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თავდამსხმელები "მიმალვას ცდილობდნენ და უკრაინის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, მათთვის უკრაინის მხარის მიერ მომზადებული იყო სახელმწიფო საზღვარზე გადასასვლელი ფანჯარა".

თეთრი სახლი აცხადებს, რომ არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მოსკოვში საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის უკან უკრაინა ან უკრაინელები იდგნენ.

"ამ დროისთვის არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სროლაში უკრაინა ან უკრაინელები იყვნენ ჩართულნი". - უთხრა თეთრი სახლის სპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ რეპორტიორებს. 

7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.

"საელჩო აკვირდება ცნობებს იმის შესახებ, რომ ექსტრემისტებს მოსკოვში თავშეყრის ადგილებში, მათ შორის, კონცერტებზე თავდასხმის გარდაუვალი გეგმები აქვთ". - წერდა აშშ-ს საელჩო მოსკოვში.

თავდასხმის შემდეგ, უკრაინის მხარეს მებრძოლმა მოხალისეობრივმა დანაყოფმა რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК) მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობა უარყო.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში მონაწილეობა ნამდვილად არ მიგვიღია". - უთხრა РДК-ს წარმომადგენელმა Новая газета Европа-ს.

ხოლო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურში თქვეს, რომ მოსკოვში მომხდარი თავდასხმა ვლადიმირ პუტინის გააზრებული პროვოკაცია იყო.

"ეს პუტინის სპეცსამსახურის გააზრებული პროვოკაციაა, რომელზეც საერთაშორისო საზოგადოება გვაფრთხილებდა. კრემლის ტირანმა საკუთარი კარიერა ასე დაიწყო და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი მსგავსი დანაშაულებით სურს დასრულება". - უთხრა დაზვერვის სამსახურის სპიკერმა, ანდრიი იუსოვმა Українська правда-ს.

კომენტარები