თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი: ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 60-ზე მეტია

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ამბობენ, რომ საკონცერტო დარბაზ "კროკუს სითი ჰოლში" მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი, წინასწარი მონაცემებით, სამოცს აღემატება. 

"სამწუხაროდ, მსხვერპლთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს." - აცხადებენ უწყებაში.

საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები და ექსპერტები რისეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმლადგენლებთან ერთად ტერაქტის ადგილზე მუშაობას განაგრძობენ. 

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰოსპიტალიზებულია 115 ადამიანი.

22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.

თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. სავარაუდოდ, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები.

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს საჯარო მიმართვა ამ დრომდე არ გაუვრცელებია. მან დაშავებულებს გამოჯანმრთელების სურვილები ვიცეპრემიერი ტატიანა გოლიკოვას მეშვეობით გადასცა. 

გავრცელდა ცნობები, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ, ანუ ISIS-მა აიღო. ამერიკული გამოცემები The New York Times-ი და CBS News-ი როგორც წყაროებზე დაყრდნობით წერენ, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელია ISIS-ის ერთ-ერთი განშტოება - ე.წ. ხორასანის ვილაიეთი.

7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.

კომენტარები