მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა

ევროკავშირი შემოწმების მომხრე მოსამართლეებზე ხელისუფლების კომენტარებით შეშფოთებულია

REUTERS/Thierry Roge/File Photo

ევროკავშირი საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს.

როგორც განცხადებაში წერია, პროცესი უნდა მოიცავდეს, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა წარიმართოს.

ამავდროულად, ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს საგანგებო კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, ამ პროცესში გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, სასამართლო სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე დანიშნული კანდიდატებისა და პირებისთვის.

"სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად, საქართველომ საგანგებო კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა უნდა ჩამოაყალიბოს, ამ პროცესში გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, სასამართლო სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე დანიშნული კანდიდატებისა და პირებისთვის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, უზენაესი სასამართლო და სასამართლოს თავმჯდომარეები.

ამ კონტექსტში, ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს საჯარო მოხელეების ბოლო კომენტარებით, რომლებიც მიმართული იყო ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოთქვეს საკუთარი შეხედულებები სასამართლო სისტემის კეთილსინდისიერების შემოწმების პოტენციურ სისტემასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა". - წერია განცხადებაში.

უზენაესმა სასამართლომ 11 მარტს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის დანერგვას.

სასამართლოს პოზიცია არ გაიზიარა უზენაესი სასამართლოს ორმა მოსამართლემ, ნინო ბექაურმა და ეკატერინე გასიტაშვილმა, მათ საკუთარი პოზიცია პლენუმის ოქმში აღნიშნეს. 14 მარტს მთავარი არხის გადაცემისთვის მიცემულ წერილობით ინტერვიუში, კიდევ ორმა მოსამართლემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთი მესხიშვილმა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ, არ გაიზიარა სასამართლოს პოზიცია ქვეყანაში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით. მეხუთე მოსამართლემ, მამუკა წიკლაურმა კი, Facebook-ზე დაწერა, რომ ისიც მზადაა ტესტის გასავლელად.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციის თანახმად, საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

"საჭიროა უზენაესი საბჭოს რეფორმირება. მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით შეიქმნას კეთილსინდისიერების შეფასების ექსტრაორდინალური სისტემა სასამართლოს ყველა წამყვანი თანამდებობისთვის. ამავდროულად, დაინერგოს ქონების დეკლარაციის ეფექტური სისტემა" - წერია ანგარიშში.

კომენტარები