ალბანეთი

ბოდიშს არ მოვიხდი – ტრამპის სიძეზე კითხვის გამო, ალბანეთის პრემიერმა ჟურნალისტს ხელი ჰკრა

ალბანეთის პრემიერმა, ედი რამამ ჟურნალისტ ამბროზია მეტას ტრამპის სიძეზე დასმული კითხვის გამო ხელი ჰკრა, 2024 წლის 19 მარტი
კადრი ვიდეოდან/X/Xhemajl Rexha

ალბანეთის პრემიერმინისტრმა, ედი რამამ უარი თქვა ბოდიშის მოხდაზე მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის საინვესტიციო პროექტების შესახებ დასმული კითხვის გამო ქალ ჟურნალისტს ხელი ჰკრა.

როგორც სამშაბათს, 19 მარტს გამართული პრესკონფერენციის კადრებში ჩანს, რამა ალბანური ტელეარხის, Syri TV-ის რეპორტიორს სახეზე ხელით შეეხო და უბიძგა, შემდეგ კი პრესკონფერენცია დატოვა. მეტამ ადგილობრივ მედია BIRN-ს უთხრა, რომ რამა მას ლოყაზე ხელით შეეხო.

"ვუთხარი: "აღარ შემეხო" და სულ ეს იყო... სამწუხაროდ, პრემიერმინისტრი რამა ფიზიკური კონტაქტით ჟურნალისტების მიმართ  ახლა თავის ჩვეულ ქედმაღლობას ავლენს. ვწუხვარ, რომ მთავრობის მეთაური ვერ აკონტროლებს თავს, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე უსვამენ კითხვას". - თქვა მეტამ.

დასავლეთ ბალკანეთში პრესის უფლებებზე მომუშავე ჯგუფმა, SafeJournalists Network-მა რამას ქმედებას "მიუღებელი და საგანგაშო" უწოდა, თავად პრემიერს კი ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. ჯგუფმა ასევე აღნიშნა, რომ რამას აქამდეც გადაუხდია სამაგიერო იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ, მაგალითად პრესკონფერენციებზე მათი არდაშვებით.

ალბანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, სალი ბერიშამ რამას "მიზოგინი" უწოდა, ინციდენტი კი "სასტიკ და მახინჯ" ქმედებად შეაფასა.

რამამ X-ზე კრიტიკის საპასუხოდ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მეტაზე ძალადობას "საძაგელი სიცრუე" უწოდა და ბოდიშის მოხდაზე უარი თქვა.

"არა მხოლოდ ბოდიში არ მაქვს მოსახდელი, არამედ უარვყოფ დახასიათებას - "ლიდერი, რომელმაც ზიზღი გამოავლინა კრიტიკული პრესის მიმართ" - რაც, უბრალოდ, სიმართლეს არ შეესაბამება". - დაწერა რამამ.

ალბანეთმა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, 2023 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში 180 ქვეყანას შორის 96-ე ადგილი დაიკავა, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

კომენტარები