ალბანეთი

ალბანეთში სამხედრო ქარხანაში შეჭრის მცდელობისას რუსეთის 2 და უკრაინის 1 მოქალაქე დააკავეს

REUTERS/Florion Goga/File Photo

ალბანეთში, გრამშის რაიონში სამხედრო ქარხნის ტერიტორიაზე შესვლის მცდელობისას რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე დააკავეს. ალბანეთის პრემიერმინისტრის, ედი რამას თქმით, დაკავებული სამი პირი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი ჯარისკაცი მსუბუქად დაშავდა 24 წლის რუსი კაცის დაკავებისას, რომელიც ქარხანაში ფოტოების გადაღებას ცდილობდა და დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევისას სპრეი გამოიყენა. მასთან ერთად დააკავეს 33 წლის რუსი ქალი და 25 წლის უკრაინელი კაციც.

თავდაცვის მინისტრის, ნიკო პელეშის თქმით, ჯერ ნაადრევია ქარხანაში შეღწევის მიზეზზე დარწმუნებით საუბარი, თუმცა მანვე მიუთითა გეოპოლიტიკურ კონტექსტზე. მინისტრი, სავარაუდოდ, ალბანეთის მთავრობის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის კრიტიკას გულისხმობდა.

"ფართო რეგიონული და გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ეს არ შეიძლება ჩვეულებრივ, სამოქალაქო ინციდენტად ჩაითვალოს, თუმცა დასკვნების გამოტანა არ უნდა ვიჩქაროთ". – თქვა პელეშმა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ სამივე ეჭვმიტანილი ბლოგერია და ისინი ხშირად სტუმრობენ მიტოვებულ სამხედრო ბაზებსა და დიდ ქარხნებს სხვადასხვა ქვეყანაში. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თქმით, გამოძიებით დადგინდება, იყვნენ თუ არა ისინი ბლოგერები და ზუსტად რა იყო მათი მოტივი.

ალბანეთი 2009 წლიდან NATO-ს წევრია. ქვეყანამ დასავლეთთან ერთად დაგმო რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და შეუერთდა მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს.

კომენტარები