რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შავ ზღვაში წარუმატებლობების ფონზე, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაური შეცვალეს

ალექსანდრ მოისეევი

ადმირალი ალექსანდრ მოისეევი რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

აქამდე, 10 მარტს რუსულმა მედიებმა, Фонтанка-მ და Известия-მ გაავრცელეს ცნობა, რომ რუსეთის სამხედრო ფლოტის წინა მეთაური, ნიკოლაი ევმენოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. არ დაუზუსტებიათ თუ რა იყო ამის მიზეზი. ევმენოვი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურის პოსტს 2019 წლის მაისიდან იკავებდა. მას სანქციები აშშ-მ, ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ჯერ კიდევ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე დაუწესეს.

მოისეევი 2018 წლის მაისში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურად დანიშნეს, თუმცა 2019 წელს ის ჩრდილოეთის ფლოტის მეთაურად გადაიყვანეს. აქამდე, 2011 წელს მოისეევმა რუსეთის გმირის წოდება მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ფლოტის მეთაურის ცვლილება შავ ზღვაში გასული თვეების წარუმატებლობების ფონზე მოხდა. მხოლოდ გასულ თვეში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს დიდი სადესანტო გემი ცეზარ კუნიკოვი და საპატრულო ხომალდი სერგეი კოტოვი ჩაუძირეს.

კომენტარები