კარა დელევინი

მოდელ კარა დელევინის ლოს-ანჯელესში მდებარე სახლი დაიწვა – დაშავებულია 2 ადამიანი

Jae C. Hong/AP, Mario Anzuoni/Reuters

ბრიტანელი მსახიობისა და მოდელის კარა დელევინის ლოს-ანჯელესში მდებარე ორსართულიანი სახლი ხანძარმა გაანადგურა - შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი, მათ შორის, მეხანძრე დაშავდა. თავად მოდელი ცეცხლის გაჩენისას ქალაქში არ იმყოფებოდა.

ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, მსუბუქად დაშავებული მეხანძრე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სახლში მყოფმა ერთმა ადამიანმა კი მცირე რაოდენობით კვამლი ჩაისუნთქა.

სახანძრო სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძრის შესახებ ინფორმაცია პარასკევს, 15 მარტს გამთენიისას მიიღეს - ადგილზე გამოცხადებულ 94 მეხანძრე-მაშველს ცეცხლის ჩასაქრობად ორ საათზე მეტი დასჭირდა.

დელევინის კატები, რომლებიც ცეცხლის გაჩენისას სახლში იმყოფებოდნენ, გადარჩნენ - მსახიობი მოგვიანებით მათ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და მადლობას უხდის მეხანძრეებს მათი გადარჩენისა და შემთხვევის ადგილზე გაწეული სხვა ღონისძიებებისთვის.

კომენტარები