ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინმა ახალი ტიპის ტანკი გაატარა და ჯარს ომისთვის მომზადებისკენ მოუწოდა

კიმ ჩენ ინი მართავს ჩრდილოეთ კორეის ახალი ტიპის ტანკს, 2024 წლის 13 მარტი.
KCNA

ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიის ცნობით, ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მოინახულა სამხედროები სატანკო სწავლების დროს და ჯარისკაცებს მოუწოდა, გაზარდონ ძალისხმევა ომისთვის მოსამზადებლად. შეხვედრის დროს ჩრდილოკორეელმა დიქტატორმა თავად გაატარა ახალი ტიპის ტანკი.

კიმ ჩენ ინი ბოლო ვარჯიშების დროს ხშირად მოუწოდებს საკუთარ ჯარს, რომ ომისთვის მზად იყვნენ.

ჩრდილოეთ კორეამ სატანკო წვრთნები აშშ-სა და სამხრეთ კორეის ყოველწლიური თერთმეტდღიანი სწავლებების პარალელურად დაიწყო. ფხენიანის აზრით, ეს ვარჯიშები მათზე თავდასასხმელად მზადებაა. აშშ-სა და სამხრეთ კორეის მოქმედებები 14 მარტს სრულდება.

13 მარტს ჩრდილოეთ კორეაში გამართული წვრთნების ფარგლებში შემოწმდა ტანკისტების საბრძოლო მზადყოფნა და გამოცადეს ახალი ტიპის საბრძოლო ტანკი, რომელიც, კიმ ჩენ ინის მტკიცებით, "მსოფლიოში ყველაზე ძლიერია".

ტანკებმა ჩაატარეს მანევრები, რომლებშიც სიმულირებული იყო რთული საბრძოლო გარემო, ესროდნენ სამიზნეებს. 

აქამდე, რამდენიმე დღით ადრე ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-სა და სამხრეთ კორეის წვრთნების პასუხად გარკვეულ მოქმედებებს ჩაატარებდნენ. ამის შემდეგ კიმ ჩენ ინის ზედამხედველობის ქვეშ ჩატარდა საარტილერიო წვრთნები.

რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე, ვაშინგტონისა და სეულის ერთობლივი წვრთნები მოიცავდა 48 სახის სხვადასხვა საველე ტიპის წვრთნას, რაც შარშანდელთან შედარებით ორჯერ მეტია.

კომენტარები