ადენის ყურე

სომალის სანაპიროსთან მცურავ სატვირთო გემზე 20 შეიარაღებული პირი ავიდა

Jackson Njehia/AP/Ritzau Scanpix

ბრიტანული საზღვაო უსაფრთხოების ფირმა Ambrey-მ 12 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომალის სანაპიროსთან მცურავ სატვირთო გემზე 20 შეიარაღებული პირი ავიდა და მასზე კონტროლი დაამყარა.

Ambrey-ს თქმით, აღნიშნული ხომალდი ბანგლადეშის დროშის ქვეშ მცურავი ბალკერი იყო, რომელიც მოზამბიკიდან გაერთიანებულ არაბთა საამიროების მიმართულებით მიცურავდა. ფირმის ცნობით, შემთხვევა სომალის დედაქალაქ მოგადიშოს სანაპიროდან 600 საზღვაო მილის დაშორებით მოხდა.

შეიარაღებული პირების ხომალდის ბორტზე ასვლის ცნობები ასევე გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტომაც (UKMTO) დაადასტურა და მიმდებარედ მცურავ ხომალდებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. UKMTO-ს არ დაუკონკრეტებია, იყვნენ თუ არა შეიარაღებული პირები სომალელი მეკობრეები.

საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის "აფრიკის რქის" (MSCHOA) მონაცემებით, ნოემბრიდან მოყოლებული ადენის ყურესა და სომალის სანაპიროსთან ხომალდების გატაცების ან გატაცების მცდელობის 20-ზე მეტი შემთხვევა იყო.

სომალელმა მეკობრეებმა მნიშვნელოვანი ზიანი გლობალურ საზღვაო მარშრუტებს 2008-2018 წლებში მიაყენეს, თუმცა, ბოლო პერიოდში რეგიონში მეკობრეობის შემთხვევების ზრდა კვლავ შეინიშნება.

კომენტარები