გერმანია

გერმანიაში ამერიკელ კაცს ტურისტის გაუპატიურებისა და მოკვლისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

ნოიშვანშტაინის სასახლე და მასთან მდებარე ხიდი
Rumpenhorst/picture alliance/Getty Images

გერმანიაში ამერიკელ კაცს ტურისტის გაუპატიურებისა და მოკვლისთვის, ასევე, მისი მეგობრის მკვლელობის მცდელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. თავდასხმა 2023 წლის 14 ივნისს, ნოიშვანშტაინის სასახლესთან მოხდა. ორივე მსხვერპლი აშშ-ს მოქალაქეა.

ქალაქ კემპტენში გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ქრისტოფ შვიბახერმა თქვა, რომ ჩადენილი დანაშაული "განსაკუთრებული სიმძიმის" იყო, რის გამოც მსჯავრდებული გერმანიაში გავრცელებული პრაქტიკის მიუხედავად, 15 წლის შემდეგ ავტომატურად პირობით ვადაზე ადრე არ გათავისუფლდება.

მსჯავრდებულის ზუსტი ვინაობა საჯარო არ არის, თუმცა ის იდენტიფიცირებულია როგორც ტროი ბ., ამერიკელი ტურისტი მიჩიგანიდან. ის გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობასთან, ნოიშვანშტაინის სასახლესთან მდებარე ხიდთან გაეცნო ასევე ამერიკელ ტურისტებს, ილინოისის უნივერსიტეტის ახალ კურსდამთავრებულებს, 21 წლის ევა ლიუსა და 22 წლის კესლი ჩანგს. კაცმა ახალგაზრდებს სასახლის ხედის საყურებლად უკეთესი ადგილის ჩვენება შესთავაზა.

ტროი ბ. თავდაპირველად ლიუს დაესხა თავს. როდესაც ჩანგმა მეგობრის დაცვა გადაწყვიტა, კაცმა ის ფერდობზე გადააგდო. პროკურორების თქმით, მსჯავრდებულმა ლიუს მოხრჩობა სცადა, გააუპატიურა, შემდეგ კი ისიც ფერდიდან გადააგდო. ლიუ შემთხვევის ადგილას მისულმა ტურისტებმა იპოვეს. სამაშველო სამსახურებმა ორივე მსხვერპლი ხევიდან ცოცხალი ამოიყვანეს, თუმცა, ლიუ მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციამ ტროი ბ. თავდასხმის ადგილთან ახლოს დააკავა.

მსჯავრდებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯერ არ გადაუწყვეტია, გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას.

კომენტარები