რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NYT: უკრაინამ ივლისისთვის, შესაძლოა, 45-დან ჯერ მხოლოდ 6 ცალი F-16 მიიღოს

ნიდერლანდების F-16-ები, 2018 წელი
Horacio Villalobos/Corbis, via Getty Images

გამოცემა The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინა ივლისისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს უკვე მიიღებს, თუმცა, ჯერჯერობით, მცირე რაოდენობას. მედია წერს, რომ ამ დროისთვის კიევს გადაეცემა, სულ მცირე, 6 თვითმფრინავი. გასულ წელს მოკავშირეები უკრაინას დაჰპირდნენ, რომ F-16-ის ტიპის 45 ავიაგამანადგურებელს გადასცემდნენ.

როგორც NYT წერს, ავიაგამანადგურებლები მზადყოფნაშია და მზადაა რუმინეთში გახსნილი მოსამზადებელი ცენტრიც, რომელსაც გადამწყვეტი როლი უნდა ეთამაშა წვრთნებში, თუმცა უკრაინელ პილოტებს აქ ვარჯიში ჯერაც არ დაუწყიათ. ჯერჯერობით უცნობია, როდის ამოქმედდება ეს ობიექტი, რომელიც რუმინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ფეტეშტის ავიაბაზაზე მდებარეობს.

უკრაინელი პილოტები აქამდე დანიაში, ბრიტანეთსა და აშშ-ში იწვრთნებოდნენ. მზადაა 12 პილოტი, რაც სრული საჰაერო ესკადრილიისთვის საკმარისი არაა, თუმცა, როგორც NYT წერს, ივლისისთვის უკრაინა ამაზე ნაკლებ ავიაგამანადგურებელს მიიღებს.

ამას გარდა, 50-მდე ტექნიკოსი იწვრთნება დანიაში. მათ უნდა ისწავლონ F-16-ებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა.

კომენტარები