საქართველო-უკრაინა

პაპუაშვილი: გვერდში დგომის საპასუხოდ, უკრაინისგან შეუსაბამო ნაბიჯებს ვიღებთ

შემაშფოთებელია, რომ მეგობრობის და გვერდში დგომის საპასუხოდ [უკრაინისგან] ვიღებთ ნაბიჯებს, რომლებიც აბსოლუტურად გაუგებარია. გავიხსენოთ, რომ უკრაინის ელჩი გაწვეულ იქნა 2022 წლის 1-ელ მარტს საბაბით, რომ მთავრობამ უკრაინაში მებრძოლები არ გააგზავნა. ასევე, გაუგებარია, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში, რომელიც ბევრი სხვა დასავლელი ელჩისგან განსხვავებით ბოლომდე დარჩა კიევში, რომელიც იბომბებოდა და იყო საფრთხე ქალაქში რუსული არმიის შესვლისა,  იმ საბაბით, რომ მიხეილ სააკაშვილს აქ თურმე ვიღაცა აწამებს, გამოუშვა და სთხოვა დაეტოვებინა უკრაინა... ამის ფონზე ვხედავთ ქართველი კრიმინალების დაწინაურებას უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა შტოში - ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე, თავად მიხეილ სააკაშვილიც საკუთარი განცხადებით, დღესაც ინარჩუნებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას რეფორმების საკითხში. მგონია, რომ ეს არ შეესაბამება ქართველი ხალხის იმ გვერდში დგომას, რომელსაც ვიჩენთ ეს პერიოდია - მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ სწორედ ამით დაიწყოს ამ ურთიერთობის გამოსწორება და გადმოგვცეს კრიმინალები.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. 

დღეს, 11 მარტს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირსა და გერმანიაში უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ყოფნის გამო განცხადება გაავრცელა - საქართველოს მთავრობის შეფასებით, "დასანანი და ღრმად შემაშფოთებელია უკრაინის ხელისუფლების მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც უხეშად უპირისპირდება ტრადიციულ მეგობრობას, რომელიც ორ ქვეყანასა და ხალხს შორის არის ჩამოყალიბებული". 

კომენტარები