ჯანდაცვის მინისტრი

"იქნება საუკეთესო მინისტრი" - პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დანიშნა

ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრად ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე დანიშნა. პრემიერმინისტრმა გადაწყვეტილება ბრიფინგზე გამოაცხადა. მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში ჰქონდა კონსულტაციები როგორც ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის წევრებთან, ისე სამედიცინო საზოგადოებასთან.

"კონსულტაციების ერთერთი მთავარი საკითხი იყო, რამდენად უნდა ყოფილიყო ახალი მინისტრი სამედიცინო წრეების წარმომადგენელი. ამასთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკური გუნდის წევრების, ისე სამედიცინ საზოგადოების წარმომადგენლებს შორის აზრი იყო ზუსტად ორად გაყოფილი. ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ახალი მინისტრი უნდა ყოფილიყო აუცილებლად სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელი, ხოლო მეორე ნაწილი ზუსტად ამის საპირისპირო მოსაზრებას გამოხატავდა.

კომსულტაციების საფუძველზე მივედი დასკვნამდე, რომ მინისტრის პოსტზე შეიძლებოდა როგორც სამედიცინო საზოგადოების წევრების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა.

საბოლოოდ, უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ გამოცდილებაზე დაფუძნებული განსაკუთრებული ნდობა მაქვს.

მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა ბატონი მიხეილ სარჯველაძე. მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება.

2012 წლამდე ბატონი მიხეილი ეწეოდა წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, 2012 წლის შემდეგ მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სარჯველაძე იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი, მოგვიანებით ის იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2012 წლიდან ის გახლდათ საპარლამენტო გუნდის წევრი, საქართველოს პარლამენტის წევრი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

მინდა, წარმატებები ვუსურვო ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, რომელიც დღეიდან გაუძღვება რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას. შეგახსენებთ, ეს არის ჯანდაცვა და გარდა ჯანდაცვისა, ეს არის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა, დევნილების ინტერესების დაცვა, დასაქმება და შრომის საკითხები.

გამოწვევები არის უამრავი ყველა მიმართულებით, არის სერიოზული გამოწვევები, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სარჯველაძე მისი პროფესიონალიზმით და გამორჩეული პიროვნული თვისებებით იქნება საუკეთესო მინისტრი და ძალიან მნიშვნელოვან წარმატებებს მოუტანს ამ დარგს“ - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა 1 მარტს დატოვა. 5 მარტს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ჯანდაცვის ახალ მინისტრს გასული კვირის ბოლომდე დაასახელებდა. მანვე ყოფილ მინისტრზე საუბრისას აღნიშნა, რომ ზურა აზარაშვილმა "ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე" გააკეთა.

"იყო გარკვეული ხარვეზები კომუნიკაციაში, თუმცა, ეს ხარვეზები იყო არსებითი თავისი შინაარსით, ამიტომ მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, თუმცა, ეს გადაწყვეტილება ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუკარგავს ზურა აზარაშვილს იმ დამსახურებას, რომელიც მას აქვს" - ამბობდა კობახიძე.

კომენტარები