ევროკომისია

EPP-მ ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ფონ დერ ლაიენი პარტიის ერთადერთი კანდიდატი იყო.

ბუქარესტში პარტიის ყრილობაზე გამართულ კენჭისყრაზე ფონ დერ ლაიენს 400-მა დელეგატმა დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ კი ხმა 89 დელეგატმა მისცა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის მთავარი გამოწვევებია ომი უკრაინაში, კრიზისი ღაზაში, რომელიც ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციას იწვევს და ჩინეთის გაძლიერება.

"აქ, სახლში, პუტინის მეგობრები ცდილობენ, გადაწერონ ჩვენი ისტორია და მოგვპარონ მომავალი. კლავიატურას ამოფარებულები სიძულვილს ავრცელებენ. ჩვენი მშვიდობიანი და ერთიანი ევროპა პოპულისტების, ნაციონალისტებისა და დემაგოგების მხრიდან გამოწვევის წინაშეა". - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროპარლამენტის არჩევნები ივნისის დასაწყისში გაიმართება.

კომენტარები