რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ოდესის ოლქში 8 რუსული დრონიდან 7 ჩამოაგდო

Pravda.com.ua

2 მარტს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ ოდესის ოლქის მიმართულებით გაშვებული 8 დრონიდან 7 ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალები ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ოკუპანტებმა დრონები შავი ზღვის აკვატორიიდან გაუშვა, ხოლო უკრაინის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები ერთი საათის განმავლობაში ინტენსიურად იგერიებდნენ ამ შეტევას.

ერთ-ერთი დრონი ოდესაში, საცხოვრებელ უბანში ცხრასართულიან შენობას მოხვდა, რის შედეგადაც დაინგრა რამდენიმე ბინის შესასვლელი ნაწილი.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 - დაშავდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

გარდა ამისა, გასულ ღამით ჯამურად უკრაინელებმა რუსების გაშვებული 17 დრონიდან 14 ჩამოაგდეს. რუსებმა იერიში X-59/X-35-ის ტიპის 3 მართვადი რაკეტითაც მიიტანეს, თუმცა, უკრაინამ მათი განადგურება ვერ შეძლო.

დრონები ოდესის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ჩამოაგდეს. 

უკრაინის საჰაერო ძალები ასევე წერენ, რომ 1-ელ მარტს დაახლოებით 09:00 საათზე, აღმოსავლეთის მიმართულებით გაანადგურეს რუსების Cy-34-ის მოდელის ავიაგამანადგურებელი, რომელიც მართვადი ბომბებით ცდილობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე იერიშის მიტანას.

კომენტარები