დონალდ ტრამპი

ილინოისის შტატში სასამართლომ ტრამპს 2024-ის საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა

დონალდ ტრამპი 2021 წლის 6 იანვრის დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს

აშშ-ს ილინოისის შტატში მოსამართლემ ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო ბიულეტენიდან ამოღების განკარგულება გასცა. გადაწყვეტილებაში მოსამართლე ტრეისი პორტერი ამერიკის კონსტიტუციის მე-14 შესწორებას ეყრდნობა და ამბობს, რომ აჯანყების მუხლი ტრამპზეც ვრცელდება.

ეს მეინისა და კოლორადოს შემდეგ მესამე შტატია, სადაც ტრამპს საარჩევნო ბიულეტენზე ყოფნა აუკრძალეს, თუმცა, ტრამპის მიერ გადაწყვეტილებების გასაჩივრების შემდეგ საკითხს საბოლოოდ აშშ-ს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს.

ილინოისის კუკის ოლქის მოსამართლემ გადაწყვეტილება ოთხშაბათს გამოაქვეყნა და შტატის საარჩევნო საბჭოს 19 მარტის ილინოისის პრაიმერიზის საარჩევნო ბიულეტენიდან ტრამპის კანდიდატურის ამოღება უბრძანა. თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილება პირველ მარტამდე არ შესრულდება, რათა ტრამპის გუნდს გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება მიეცეს.

აშშ-ს უზენაესი სასამართლო ტრამპის მიერ კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უკვე მსჯელობს, რაშიც, ილინოისის მსგავსად, კოლორადოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მე-14 შესწორებას ეყრდნობიან.

პორტერის გადაწყვეტილებამდე ილინოისის შტატის საარჩევნო საბჭომ წინა თვეში ერთხმად გადაწყვიტა, რომ ტრამპს საარჩევნო ბიულეტენზე დარჩენა შეეძლო, რადგან მათი თქმით, საკითხის გადაწყვეტაზე იურისდიქცია არ ჰქონდათ. საბჭოს რვა წევრიდან ოთხი რესპუბლიკელი იყო, ოთხიც - დემოკრატი. 

2021 წლის 6 იანვრის შტურმის წახალისების ბრალდებით ტრამპს კოლორადოს საპრეზიდენტო პრაიმერიზის არჩევნებში მონაწილეობა 20 დეკემბერს აუკრძალეს, რაც ტრამპმა მალევე გაასაჩივრა.

კოლორადოს შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კონსტიტუციის მე-14 შესწორებას ეფუძნება, რომელიც აშშ-ს სამოქალაქო ომის შემდეგ მიიღეს. შესწორების მიხედვით, პირებს, რომლებმაც კონსტიტუციის დაცვის ფიცი დადეს და შემდეგ აშშ-ს წინააღმდეგ ამბოხში მიიღეს მონაწილეობა, საჯარო თანამდებობის დაკავება ეკრძალებათ. 

ამომრჩეველთა ნაწილის მტკიცებით, ტრამპის სიტყვებმა, სოციალურ მედიაში გავრცელებულმა პოსტებმა და სხვა განცხადებებმა 6 იანვრის თავდასხმა წაახალისა, შესაბამისად ის სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხში მონაწილეობდა. კოლორადოს უზენაეს სასამართლოში 4-მა მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, 3 კი წინააღმდეგი იყო. ყველა მოსამართლე დანიშნულია დემოკრატი გუბერნატორების მიერ. 

29 დეკემბერს მეინი მეორე შტატი გახდა, სადაც 2021 წლის კაპიტოლიუმზე მოწყობილი თავდასხმის გამო აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალეს.

კომენტარები