კრიმინალი

წალენჯიხის მერიის ყოფილ 2 თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილ ორ თანამშრომელს, თემურ მებონიასა და ბესარიონ ძაძამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბრალდების მხარემ სასამართლოს დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. ამასთან, როგორც პირველი არხი წერს, ადვოკატმა შოთა მანველიძემ  სასამართლოს 5 000-5 000 ლარიანი გირაო შესთავაზა.

სამართალდამცავებმა ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდებულები 26 თებერვალს დააკავეს, მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "გ" (მოხელის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დიდი ოდენობით ქრთამის აღება) ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის თებერვალში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, დარგობრივი ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, საფინანსო ზედამხედველობისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 1550 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი". - აღნიშნავდა პროკურატურა.

კომენტარები