პოლიტიკური რეკლამები

რამდენს ხარჯავენ მეტას პლატფორმებზე რეკლამებში პოლიტიკოსები  – ISFED-ის მიმოხილვა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), მეტას პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის (Ad Library) მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში ფეისბუქ და ინსტაგრამ პლატფორმაზე განთავსებული რეკლამების რაოდენობა, მათი განმთავსებლებისა და დანახარჯების კვარტალური მიმოხილვა წარმოადგინა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ფეისბუქისა და ინსტაგრამის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 846-მა გვერდმა განათავსა, 288-ით მეტმა, ვიდრე წინა კვარტალში. მოცემულ პერიოდში ამ გვერდების მიერ განთავსებული 8 139 რეკლამა იძებნება, რაც 2 927-ით მეტია, ვიდრე წინა კვარტალში განთავსებული რეკლამების რიცხვი. გამოქვეყნებული რეკლამების ჯამური ღირებულება 279 441 აშშ დოლარია, 113 606 დოლარით მეტი წინა კვარტლის დანახარჯებზე.

ISFED-მა გამოაქვეყნა იმ გვერდების სია, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი ყველაზე მეტი პოლიტიკური რეკლამა განათავსეს.

ორგანიზაციის ცნობით, ყველაზე დიდი დანახარჯების მქონე გვედრები იყო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ქართული ოცნება, ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი ვაშაძე, ტვ იმედი, რა კეთდება და საქართველოს მთავრობა.

ISFED-ზე დაყრდნობით, წინა კვარტალთან შედარებით, გაიზარდა ქართული ოცნების ოფიციალური გვერდის სარეკლამო დანახარჯები. მმართველი პარტიის ფეისბუქგვერდზე რეკლამების უმეტესობა ირაკლი კობახიძის განცხადებებს, ბრიფინგებს, ვიზიტებსა და შეხვედრებს მიეძღვნა.

წინა კვარტალთან შედარებით, 2.5-ჯერ გაიზარდა პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის, ფეისბუქ გვერდის სარეკლამო დანახარჯებიც. ვაშაძის ფეისბუქგვერდზე განთავსებული რეკლამების უმრავლესობა მის მიერ რეგიონებში გამართული შეხვედრების შესახებ პოსტებს შეეხებოდა.

ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების გვერდებზე არანაკლებ 91 063 და არაუმეტეს 94 528 აშშ დოლარის ღირებულების რეკლამა განთავსდა. მათ შორის, ქართულმა ოცნებამ და მისმა წარმომადგენლებმა რეკლამებში უფრო მეტი თანხა (49 743-დან 50 832 აშშ დოლარამდე) დახარჯეს, ვიდრე ყველა სხვა პარტიამ და მათმა წარმომადგენლებმა ერთად აღებული (41 320-დან 43 696-მდე აშშ დოლარი). 

პარტიების უმრავლესობამ 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში რეკლამებში უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე წინა კვარტალში. მათ შორის, გაორმაგდა სტრატეგია აღმაშენებლისა და ლელოს ხარჯები. სიახლეს წარმოადგენს პარტიებს შორის სარეკლამო დანახარჯებით მეოთხე ადგილზე მყოფი პოლიტიკური გაერთიანება თაობები საქართველოსთვის, რომელიც 2023 წლის ივნისში დარეგისტრირდა. აღნიშნული გაერთიანება ბიზნესმენმა და საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრმა, შოთა შალელაშვილმა, დააფუძნა. შალელაშვილი პარლამენტში 2016 წელს ქართული ოცნების პარტიული სიით შევიდა, თუმცა საქართველოს პარლამენტი 2019 წელს, ვადაზე ადრე, დატოვა.

მოგვიანებით, კვლევას გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და განმარტა, რომ 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 29 დეკემბრამდე პერიოდში მეტას პლატფორმაზე სამინისტროს მიერ, "ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების ფართოდ ინფორმირების მიზნით", დაიხარჯა 736 დოლარი, ხოლო ISFED-ის კვლევაში ასახული დანარჩენი თანხა, კერძოდ, 28 128 დოლარი იყო ქართული ენის პოპულარიზაციისა და შესწავლის შესაძლებლობების შესახებ დაწყებული კამპანიის, სახელად ქართული ენა გვაერთიანებს, დანახარჯი.

კომენტარები