თბილისის მერია

1-ელ აპრილამდე ტაქსის გაუაქტიურებელი ნებართვის აღდგენა შეუძლებელი იქნება – თბილისის მერია

პირველ აპრილს ტაქსების გაუაქტიურებელი ნებართვები ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

"გასული წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი, რომელმაც პირებს A კატეგორიის ტაქსის ნებართვები დაუკანონა. აღნიშნული ნებართვების გააქტიურებისთვის, რეფორმა ითვალისწინებდა ერთწლიან ვადას, რომელიც მიმდინარე წლის პირველ აპრილს იწურება. პირველ აპრილამდე უნდა მოხდეს იმ ნებართვების გააქტიურება, რომელიც მძღოლებს საკუთრებაში აქვთ.
ჯამში, 35 000-ზე მეტი A კატეგორიის ნებართვაა გაცემული - ორ-სამჯერ მეტი, ვიდრე ამის საჭიროებაა ქალაქში, თუმცა მოქალაქეებს ჰქონდათ სურვილი, ეს ნებართვები აეღოთ” - თქვა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, დღეისათვის 21 000-მდე ნებართვაა გაუაქტიურებელი. 

„დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 20–21 ათასი ნებართვაა გაუაქტიურებელი. ამიტომ, პირველ აპრილამდე გაქვთ ვადა. პირველ აპრილს გაუაქტიურებელი ნებართვები ავტომატურად გაუქმდება და მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ ნებართვები შეინარჩუნოთ, გაააქტიურეთ ისინი პირველ აპრილამდე. ამის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც შესაბამის ვებგვერდზე: www.taxi.tbilisi.gov.ge, ასევე, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე“ - თქვა კალაძემ. 

 

კომენტარები