თბილისის მერია

კალაძე: ვესაუბრე კობახიძეს, თბილისს 40 ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი ეყოლება

თბილისს 40 ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი ეყოლება - ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

"160 ერთეული ავტობუსი უკვე შესყიდულია, რომელიც ეტაპობრივად შემოდის, 50 ერთეული უკვე თბილისშია, ჩვენ დავიწყეთ ეტაპობრივად უკვე ხაზებზე ავტობუსების გაშვება. თავდაპირველად შევარჩიეთ 4 ძირითადი მიმართულება, სადაც დღიურად 55 000 მგზავრობა ფიქსირდებოდა. მაღალი მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო დატვირთვა, პირველ რიგში, ამ მიმართულებებზე შეგვემსუბუქებინა" - თქვა კალაძემ. 

კალაძის თქმით, ავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით მას საუბარი პრემიერ კობახიძესთან ჰქონდა. 

"თავდაპირველად გაჟღერებული გვქონდა, რომ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსეების აუცილებლობა იყო, თუმცა ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მხოლოდ 160 ერთეულის შესყიდვა მოვახერხეთ. მე მქონდა საუბარი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან და გადაწყვეტილება მიღებულია 40 ერთეული ავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით. უკვე მტავრობის განკარგულება გამოიცა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაევალა M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება. მხარდაჭერისთვის, პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს" - ამბობს თბილისის მერი. 

მერიის ცნობით, მარტიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად გადანაწილდება შემდეგ მარშრუტებზე: N301, N308 და N314.

კომენტარები