თურქეთი

ერდოღანი: თურქეთი დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა გახდეს გლობალური ძალა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა გახდეს არა მხოლოდ რეგიონული ძალა, არამედ გლობალური. ამის შესახებ ერდოღანმა ქალაქ ადანაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

ერდოღანის მტკიცებით, სულ უფრო და უფრო გასაგები ხდება თურქეთის მთავარი როლი კრიზისების მოგვარებაში.

"ჩვენ ვართ ლიბიაში, ვართ ყარაბაღში. ყველა ამ ადგილას თურქეთი თავის ძმებთან მხარდამხარ დგას და ამ გზაზე თავდაჯერებულად მიდის". - თქვა ერდოღანმა.

ამავდროულად, თურქეთის პრეზიდენტი მხარდამჭერებს თავდაცვის ინდუსტრიის წარმატებებზეც ესაუბრა. ერდოღანის თქმით, თურქული უპილოტო საფრენი აპარატები 34 სხვადასხვა ქვეყნის ცას იცავენ.

"პროექტები, რომლებიც წლების წინ დავიწყეთ, დღეს იქცა თვითმფრინავებად, ტანკებად, გემებად და რაკეტებად, რაც ყველა ჩვენგანის სიამაყის წყაროა. თურქეთი წერს ეპოსს თავდაცვის მრეწველობის სფეროში". - თქვა ერდოღანმა.

კომენტარები