ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ნეთანიაჰუს გეგმით, ომის შემდეგ ღაზის სექტორში "ადგილობრივი წარმომადგენლები" დაინიშნებიან

ბენიამინ ნეთანიაჰუ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, 2024 წლის 7 იანვარი
RONEN ZVULUN / POOL / AFP

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების კაბინეტს წარუდგინა ომის შემდგომი ღაზის სექტორის მართვის გეგმა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტერიტორიის ადმინისტრირება დაევალებათ "ადგილობრივ წარმომადგენლებს", რომლებსაც არ ექნებათ კავშირი ტერორიზმთან.

დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა, მთლიანობაში არის იმ იდეების გაერთიანება, რასაც ისრაელის პრემიერმინისტრი გასულ თვეებში ხმამაღლა აჟღერებდა, თუმცა ის მინისტრთა კაბინეტის წინაშე დასამტკიცებლად პირველად წარადგინეს.

რამდენიმე თვეა, რაც ნეთანიაჰუ მართავდა უსაფრთხოების კაბინეტის შეხვედრებს, სადაც განიხილავნენ "ომის შემდგომ დღეს". მას აშინებდა უთანხმოების წარმოქმნის შესაძლებლობა მემარჯვენე პარტიების მიერ შეკრულ მმართველ კოალიციაში. მსგავს შეხვედრებზე ზოგიერთი რადიკალი მემარჯვენე მინისტრი ცდილობდა, რომ კაბინეტი ღაზის სექტორში ახალშენების განახლებასა და ტერიტორიის ისრაელის მიერ კონტროლზე დაეყოლიებინა. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ის ამ იდეებს ეწინააღმდეგება, რადგან, მისი აზრით, ამ ნაბიჯების შედეგად ისრაელი ნამდვილად დაკარგავს დასავლეთის მხარდაჭერას.

ნეთანიაჰუ გასულ თვეებში ამბობდა, რომ ღაზის სექტორში ჰამასის ჩანაცვლებას პალესტინის ადმინისტრაციით (PA) ჩანაცვლებას არ დაუშვებდა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელს მოუწოებს, რომ რეფორმირებულ PA-სთან თანაცხოვრება გააგრძელონ. აღსანიშნავია, რომ პრემიერის მიერ წარდგენილი გეგმა ღაზის სექტორში PA-ს მმართველობას პირდაპირ არ გამორიცხავს. გეგმაში ნათქვამია, რომ საჯარო საქმეები ღაზის სექტორში მართული იქნება "ლოკალური წარმომადგენლების" მიერ, რომლებსაც გააჩნიათ "ადმინისტრაციული გამოცდილება"  და არ აქვთ კავშირი ქვეყნებთან ან ჯგუფებთან, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს. 

ამას გარდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც გეგმაში წერია, არის ის, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში თავისუფლად მოქმედების უფლებას შეინარჩუნებს. ამას გარდა, იმოქმედებს ბუფერული ზონა ღაზის სექტორსა და ისრაელს შორის, რომელიც, ფაქტობრივად უკვე შექმნილია. ეს ზონა, გეგმის მიხედვით, იქამდე იარსებებს, სანამ უსაფრთხოების საჭიროება იქნება. გეგმა პირდაპირ ეწინააღმდეგება ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომას, რომლის მიხედვითაც სექტორის ტერიტორია არ უნდა შემცირდეს.

კომენტარები