ალექსეი ნავალნის სიკვდილი

ტრამპი: ნავალნის უეცარმა სიკვდილმა უფრო და უფრო გამააზრებინა, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, 14 თებერვალი, 2024
REUTERS/Sam Wolfe

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის სიკვდილს საკუთარ სოციალურ მედია Truth Social-ზე გამოეხმაურა, თუმცა გამოქვეყნებულ პოსტში მას სხვა ამერიკელი პოლიტიკოსებისა და აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მსგავსად ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა ვლადიმირ პუტინზე არ დაუკისრებია.

ტრამპის თქმით, ალექსეი ნავალნის უეცარმა სიკვდილმა მას უფრო და უფრო გაააზრებინა ის, თუ რაც ამერიკაში ხდება და მისი ვითარება რუსეთის მთავრობის მიერ ნავალნის წინააღმდეგ პოლიტიკურ რეპრესიებს შეადარა.

"ეს არის ნელი, უწყვეტი განვითარება, რითაც უსინდისო, რადიკალ მემარცხენე პოლიტიკოსებს, პროკურორებს, და მოსამართლეებს განადგურების გზაზე მივყავართ. ღია საზღვრები, გაყალბებული არჩევნები, და მეტისმეტად უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილებები ამერიკას ანადგურებს. ჩვენ ვართ დაკნინების გზაზე მყოფი სახელმწიფო, მარცხის გზაზე მყოფი სახელმწიფო!" - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის პოსტს ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი ლიზ ჩეინი გამოეხმაურა და ტრამპი ნავალნის მკვლელობის არ დაგმობისა და პუტინის არ დადანაშაულების გამო გააკრიტიკა.

"დონალდ ტრამპი პუტინს მაინც არ სდებს ბრალს და არ გმობს ნავალნის მკვლელობას." - წერს ლიზ ჩეინი X-ზე.

პოსტის გამოქვეყნებამდე, ნავალნის სიკვდილზე დუმილის გამო ტრამპი სამხრეთ კაროლინის ყოფილმა გუბერნატორმა ნიკი ჰეილიმ გააკრიტიკა, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის რესპუბლიკელი მეტოქეა.

ჰეილის თქმით, ტრამპის დუმილი გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ იმაზე, თუ რას ფიქრობს იგი ნავალნის გარდაცვალებაზე.

"ან პუტინის მხარეს დგას და ჰგონია, კარგია, რომ პუტინმა ერთ-ერთი პოლიტიკური ოპონენტი მოკლა, ან უბრალოდ არ მიაჩნია ეს მნიშვნელოვან საკითხად". - თქვა ჰეილიმ ABC News-თან საუბრისას და დაამატა: "აქედან ორივე [შესაძლებლობა] დასაფიქრებელია. ორივე პრობლემურია".

კომენტარები