ალექსეი ნავალნის სიკვდილი

Медиазона: ჩანაწერებში მანქანების კოლონა ვნახეთ, შეიძლება ნავალნის ცხედარი გადაჰქონდათ

გამოცემა Медиазона-ს გამოძიების მიხედვით, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ოპიზიციონერი ალექსეი ნავალნის ცხედარი, სავარაუდოდ, სალეხარდის მორგში გადააადგილა. 

გამოცემამ ნავალნის დედისთვის, ლიუდმილა ნავალნაიასთვის მიწოდებული ოფიციალური ვერსია გადაამოწმა, რომლის თანახმად რუსი პოლიტიკოსის ცხედარი სალეხარდშია.

რადგან ნავალნი პატიმრობისას იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგის დასახლება ხარპში მდებარე ციხეში იმყოფებოდა, გამოცემამ ხარპთან უახლოეს ქალაქს, ლაბიტნანგსა და სალეხარდს შორის ერთადერთი სახმელეთო გადასასვლელი გამოიკვლია. 

ხარპი და ლაბიტნანგი მდინარე ობის მარცხენა მხარეს მდებარეობს, ხოლო მარჯვენა ნაპირზე - სალეხარდია, იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგის ცენტრი. მათ შორის ხიდი არაა, ამიტომ ერთი ადგილიდან მეორეში ზაფხულობით ბორანით გადადიან, ხოლო ზამთარში ყინულის გადასასვლელს აწყობენ, რომელიც ამჟამად ხარპის ციხესა და სალეხარდის მორგს შორის ერთადერთ სახმელეთო გზას წარმოადგენს.

Медиазона-მ გადასავლელის ორივე მხარის სათვალთვალო კამერების ინტერნეტში საჯაროდ განთავსებული არქივები დაათვალიერა და აღმოაჩინა, რომ 16 თებერვლის ღამესა და 17 თებერვალს მარშრუტზე ოთხი მანქანისგან შემდგარი კოლონა გადადიოდა, მათ შორის რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერაციული სამსახურის მანქანებიც. 

გამოცემამ აღნიშნა, რომ კოლონა სხვა მანქანებთან შედარებით საგრძნობლად ნელა მოძრაობდა. Медиазона-ს ინფორმაციით, მათ საგზაო-საპატრულო სამსახურის მანქანა უძღვებოდა წინ, რომელიც პერიოდულად ჩერდებოდა, რათა სხვები დასწეოდნენ. საბოლოოდ, შუაღამით მანქანები სხვა ნაპრიზე გადავიდნენ და სალეხარდის მიმართულებით მოძრაობა გააგრძელეს. 

როგორც Медиазона წერს, წინა დღეების ჩანაწერებიც გადაამოწმეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ეს გადაადგილება სტანდარტული პროცედურის ნაწილი არ ყოფილა. 

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში გარდაიცვალა

17 თებერვალს, ნავალნის პრესსპიკერის, კირა იარმიშის თქმით, ნავალნის დედა და ადვოკატი მივიდნენ მორგში, სალეხარდში, მაგრამ ის დაკეტილი დახვდათ, ხოლო კარზე მითითებულ ნომერზე დარეკვის შემდეგ უთხრეს, რომ იქ ნავალნის ცხედარი არ იყო. 

იარმიშიმ ასევე თქვა, რომ 19 თებერვალს პოლიტიკოსის დედა და ადვოკატები სალეხარდის მორგში ნავალნის ცხედრის სანახავად არ შეუშვეს. 

"დილით ადრე ალექსეის დედა და ადვოკატები მორგში მივიდნენ. შიგნით არ უშვებენ. ერთ-ერთი ადვოკატი ფაქტობრივად ძალით გამოაგდეს. კითხვას, არის თუ არა იქ ალექსეის ცხედარი, თანამშრომლები პასუხს არ სცემენ". - წერს იარმიში.

იარმიშმა ასევე დაწერა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიკვდილის გამოძიება კიდევ უფრო "გახანგრძლივდა" და გაურკვეველია, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება. 

"საგამოძიებო კომიტეტში დედასა და ადვოკატებს უთხრეს, რომ ნავალნის სიკვდილის გამოძიება გახანგრძლივდა. კიდევ რამდენ ხანს გასტანს - უცნობია. სიკვდილის მიზეზი უწინდებურად "დაუდგენელია". ისინი იტყუებიან, დროს წელავენ და ამის დამალვას არც კი ცდილობენ". - წერს იარმიში. 

კომენტარები