რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედია: ახრა ავიძბას წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

ახრა ავიძბა აფხაზეთში, 2022 წლის 29 სექტემბერი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზური ბატალიონი პიატნაშკას მეთაურის, ახრა ავიძბას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას ბრალად ედება მეთაურის ბრძანების შეუსრულებლობა ომის დროს და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმაზე.

ტელეგრამ-არხი BRIEF-ი აქვეყნებს დადგენილებას სისხლის სამართლის საქმის აღძრის შესახებ. დოკუმენტი 29 დეკემბრით თარიღდება. მის მიხედვით, ავიძბა გადაიყვანეს სხვა, ახალ "თანაბარ მოვალეობაზე", არმიის 52892-ე ნაწილის მსროლელთა ბატალიონის მეთაურის მოადგილედ, თუმცა დანიშვნის დღეს ის არ გამოცხადდა და არგუმენტად ბრძანების უკანონობა დაასახელა.  დოკუმენტის მიხედვით, მისმა ქმედებამ სამხედრო სამსახურის ინტერესებს "მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა".

BRIEF-ის წყარომ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან თქვა, რომ არ იცოდა სისხლის სამართლის შესახებ, თუმცა დაამატა, რომ ავიძბას უკვე დიდი ხანი აქვს პრობლემა ხელმძღვანელობასთან. ავიძბას ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. 

2023 წლის ნოემბერში ის ამბობდა, რომ შექმნეს ახალი ქვედანაყოფი – დონბასის ველური დივიზია.

"ჩვენ გავფართოვდით. პიატნაშკა – ეს ერთი დანაყოფია. რათა ადამიანები არ შევზღუდოთ, ჩვენ შევქმენით დონბასის ველური დივიზია, რომელშიც სხვა ქვედანაყოფებიც შედიან." – ამბობდა ავიძბა.

ინტერნაციონალური ბრიგადა პიატნაშკა შეიქმნა 2014 წლის ივნისში, აფხაზი სეპარატისტებისა და რუსების მიერ, როდესაც უკრაინაში, დონბასის რეგიონში ომი მიმდინარეობდა. ახრა ავიძბა, ზედმეტსახელად აფხაზი, რომელზეც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ძებნა 2021 წლის იანვარში გამოაცხადა, ამ ქვედანაყოფის დამფუძნებელია. 

ავიძბა აქრირად მონაწილეობდა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ კრიზისში, რომელსაც ე,წ, პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოჰყვა. 2019 წელს სოხუმში მოკლეს ახრას ბიძაშვილი, ალხასი, რომელიც ე.წ. კანონიერი ქურდი იყო, რის გამოც ის მარიონეტული რეჟიმის ოპოზიციას შეუერთდა.

2020 წლის ივნისში ავიძბა დაინიშნა ოკუპირებული აფხაზეთის მორიგი ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას დამხმარედ "საერთაშორისო კავშირების" მიმართულებით. ამავე წლის ნოემბერში ავიძბამ ხელი მოაწერა თანამდებობის დატოვებას, მიზეზად კი "საერთო საქმეში რწმენის დაკარგვა" დაასახელა.

2021 წლის 4 მარტს ავიძბა, დონეცკელ სეპარატისტ მეგობრებთან ერთად ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს. მათ იარაღის უკანონო შენახვასა და ვაჭრობაში ადანაშაულებდნენ. ამას გარდა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობდნენ, რომ ავიძბას ჯგუფი სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობას გეგმავდა. 2021 წლის ივნისში მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს და გაათავისუფლეს.

2022 წლის სექტემბერში ავიძბამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ამბობდა, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებადი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან არ უშვებდნენ. ამბობდა, რომ მოსკოვში მიდიოდა. საბოლოოდ, ის მოსკოვში ჩავიდა და შეხვდა პარტიის - "სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის" ლიდერს, სერგეი მირონოვს და გამოვიდა ომის მხარდამჭერ ღონისძიებაზე - "ჩვენებს არ ვტოვებთ". ის ოკუპირებულ აფხაზეთში 29 სექტემბერს დაბრუნდა და ეწინააღმდეგებოდა რუსეთთან ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულების რატიფიცირებას. 

კომენტარები