დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

აზერბაიჯანის ცნობით, სომხეთის პოზიციებზე "შურისძიების ოპერაცია" ჩაატარეს

აზერბაიჯანელი სამხედროები

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში ამბობენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ "შურისძიების ოპერაცია" ჩაატარეს. მათი თქმით, სომეხმა სამხედროებმა მათ პროვოკაცია მოუწყვეს.

მესაზღვრეების ინფორმაციის მიხედვით, სომხეთის სამხრეთით მდებარე სიუნიქის ოლქის კაპანის რაიონის სოფელ ნერქინ-ხანდში სრულად გაანადგურეს სომეხი სამხედროების საბრძოლო პოსტი. აზერბაიჯანის მტკიცებით, მათ ცეცხლი ამ მიმართულებიდან გაუხსნეს. ამას გარდა, უწყების ცნობით, დღეიდან ისინი მსგავს შემთხვევებს უფრო "სერიოზულად" უპასუხებენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანის ქმედებებს ემსხვერპლა 4 სომეხი ჯარისკაცი. აქამდე წერდნენ, რომ დაიღუპა 2 სამხედრო. მათივე ცნობით, დაჭრილია კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო 10:16-ზე წერდა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მათი მიმართულებით ცეცხლი შეწყვიტეს. რაც შეეხება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ სომეხმა სამხედროებმა გასულ საღამოს მათ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, სომხეთის თავდაცვის უწყება დეზინფორმაციას უწოდებს. აქამდე წერდნენ, რომ შემთხვევას გამოიძიებდნენ და დაადგენდნენ, რომელიმე სამხედრომ ბრძანება ხომ არ დაარღვია.

უკვე დიდი ხანია, რაც სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო რეგიონებში მსგავსი შეტაკებები, რომლებიც გასულ წელს ხშირი იყო, არ მომხდარა.

კომენტარები