ენმ

ვაშაძე: სააკაშვილმა განაცხადი გააკეთა, ვისაც გინდათ ერთად ვიბრძოლოთ - აგერ აქ ვარ

გიორგი ვაშაძე
ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

გამარჯვების პლატფორმის წევრის, გიორგი ვაშაძის თქმით, მიესალმება სააკაშვილის განცხადებას ნაციონალური მოძრაობის ბორდის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით. იგი ამბობს, რომ ენმ-სა და გამარჯვების პლატფორმის ლიდერი მიხეილ სააკაშვილია.

"მიხეილ სააკაშვილმა განაცხადი გააკეთა, რომ ვისაც გინდა ერთად ვიბრძოლოთ - აგერ აქ ვარ და არა სადმე სხვაგან. მორჩა და დამთავრდა". - ამის შესახებ ვაშაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა.

9 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა, რომ აპირებს სათავეში ჩაუდგეს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ე.წ. ბორდს. გიორგი ვაშაძის თქმით, ბორდი კიდევ ერთი - ახალი მექანიზმია ბრძოლისთვის სააკაშვილთან ერთად. 

"სააკაშვილმა თქვა მარტივი რამ, ვისაც გინდათ რომ ერთად ვიყოთ და ჩემთან ერთად, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად აპირებთ ბრძოლას, აგერ ბატონო კიდევ ერთი მექანიზმი - ბორდის სახით. [...] მე ვარ ხუთი ნომერი, ხუთი ნომრის გარდა არ არსებობს მიხეილ სააკაშვილის რაიმე მოცემულობა სხვაგან. გინდათ ჩემთან ერთად ბრძოლა? გინდათ რომ ერთად ვიბრძოლოთ? აგერ ბორდი, კიდევ ახალი მექანიზმი შევქმენით, მობრძანდით, დავსხდეთ და ერთად ვიბრძოლოთ". - ამბობს გიორგი ვაშაძე.

მისივე განმარტებით, მან იცის რომ "გარკვეული ადამიანები, ძალიან საინტერესო პიროვნებები ფიქრობენ რომ ბორდში ჩაერთონ, მიშასთან ერთად ამ ბრძოლაში".

კომენტარები