ფინეთი-რუსეთი

ფინეთმა რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის ვადა მინიმუმ 14 აპრილამდე გაახანგრძლივა

ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთთან საზღვარი კიდევ მინიმუმ ორი თვე, 14 აპრილამდე იქნება ჩაკეტილი. შესაბამისი გადაწყვეტილება 8 თებერვალს ფინეთის სახელმწიფო საბჭომ მიიღო.

მას შემდეგ, რაც რუსეთის მხრიდან გახშირდა არალეგალური მიგრანტების, ხშირ შემთხვევაში სხვა ქვეყნების მოქალაქეების შემოდინება, ფინეთმა რუსეთის საზღვარზე არსებული ყველა გამშვები პუნქტი ჩაკეტა. 

იანვრის დასაწყისში რუსეთ-ფინეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა 11-მა ირანელმა, რომლებიც მოგვიანებით სასაზღვრო პოლიციამ დააკავა.

ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ვითარება არ შეცვლილა და საზღვრის გახსნის შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებლები კვლავ დაიწყებენ სასაზღვრო პუნქტების გადაკვეთას. მათივე შეფასებით, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, შესაძლოა, წლის ბოლომდე 20 ათასამდე გაიზარდოს. 

"სასაზღვრო ზონაში, სულ მცირე, ასობით და, შესაძლოა, ათასობით მიგრანტი ცხოვრობს, რომლებიც ფინეთისკენ მოგზაურობის გაგრძელებას ელოდებიან". - ამბობს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი მარი რანტანენი.

გარდა ამისა, ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვრის ჩაკეტვას დროებით და აუცილებელ ღონისძიებას უწოდებს. ფინეთის ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ საზღვრების სრულად დახურვის სხვადასხვა ალტერნატივას განიხილავს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ბოლო გამშვები პუნქტი გასული წლის ნოემბერში დახურა. ფინური მხარის განმარტებით, რუსეთი მიგრანტების ნაკადს ფინეთის საზღვართან მისვლაში მიზანმიმართულად უწყობს ხელს, რაც ფინეთის NATO-ში გაწევრიანებაზე რუსეთის პასუხია.

14 დეკემბერს, ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გახსნა, თუმცა, პირველივე დღეს რუსეთიდან საზღვარზე 100-ზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა, შედეგად კი ხელისუფლებამ საზღვარი კიდევ ერთი თვით ჩაკეტა. ამის შემდეგ, იანვარში სასაზღვრო პუნქტების ჩაკეტვა თებერვლის შუა რიცხვებამდე გააგრძელეს.

კომენტარები