გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

2023 წელს საქართველოს რეზიდენტებმა საზღვარგარეთ ვიზიტებისას 2 მლრდ ლარი დახარჯეს – საქსტატი

თბილისის აეროპორტი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს რეზიდენტებმა საზღვარგარეთ ვიზიტებისას 2 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც 11.5%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამასთან, ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წელთან შედარებით 15.9%-ით შემცირდა და 906.7 ლარს გაუტოლდა. 

საქსტატის მონაცემებით, ამ ტიპის ვიზიტებისას გაწეული ხარჯების განაწილება კატეგორიების მიხედვით შემდეგია:

  • საყიდლები - 853 მლნ ლარი (41.9%)
  • საკვები და სასმელი - 501.9 მლნ ლარი (24.6%)
  • განთავსება - 339.6 მლნ ლარი (16.7%)
  • ადგილობრივი ტრანსპორტი - 189.6 მლნ ლარი (9.3%)
  • გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 90.9 მლნ ლარი (4.5%)
  • სხვა - 61.8 მლნ ლარი (3.0%)

გარდა ამისა, 2023 წელს ქვეყნიდან საქართველოს 2.8 მლნ რეზიდენტი მოგზაური გავიდა საზღვარგარეთ, რაც 31.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

საქსტატის ინფორმაციითვე, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების საზღვარგარეთ ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 32.7%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოს რეზიდენტები გასულ წელს უმეტესად თურქეთსა და სომხეთს სტუმრობდნენ.

ვიზიტების რაოდენობის განაწილება მონახულებული ქვეყნების მიხედვით:

  • თურქეთი - 43.3%
  • სომხეთი - 15.0%
  • რუსეთი - 12.5%
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნები - 14.5%
  • აზერბაიჯანი - 1.9%
  • სხვა ქვეყნები - 12.7%

მონახულებული ქვეყნების სიხშირის მიხედვით, იმავე ტენდენცია შეინიშნებოდა გასული წლის მე-4 კვარტალშიც, როდესაც საქართველოს რეზიდენტებს შორის პოპულარობით სარგებლობდა თურქეთი და სომხეთი. ამასთან, ამავე პერიოდში საქართველოს რეზიდენტმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ ვიზიტებისას 557.9 მლნ ლარი დახარჯეს, რაც 5.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით.

კომენტარები