აშშ

აშშ-ს სენატმა უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა

ჩაქ შამერი, სენატის უმრავლესობის დემოკრატი ლიდერი
Getty Images

აშშ-ს სენატმა მხარი დაუჭირა $95-მილიარდიანი კანონპროექტის განხილვას, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების ხარჯებს მოიცავს. სენატმა გადაწყვეტილება 67 ხმით 32-ის წინააღმდეგ მიიღო. 

მანამდე, სენატმა $118-მილიარდიანი კანონპროექტი დაბლოკა, რომელიც საგარეო დახმარებასა და სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებულ ზომებს აერთიანებდა. რესპუბლიკელებმა სასაზღვრო პოლიტიკის მხრივ შეთავაზებული ზომები არასაკმარისად მიიჩნიეს.

ახალი ფინანსური პაკეტიდან სადავო ნაწილი სასაზღვრო პოლიტიკასთან დაკავშირებით ამოღებულია და მხოლოდ საგარეო ფინანსური დახმარებები არის გაწერილი.

შეცვლილ კანონპროექტს, რომელშიც სასაზღვრო პოლიტიკა ნახსენები არაა, 17-მა რესპუბლიკელმა, ხოლო ძველს მხოლოდ 4-მა მისცა ხმა. 

კანონპროექტი უკრაინისთვის $61 მილიარდის, ისრაელისთვის $14 მილიარდის და ინდოეთსა და წყნარ ოკეანეში აშშ-ს პარტნიორების, მათ შორის ტაივანისთვის, $4.83 მილიარდს ითვალისწინებს. გარდა ამისა, ფინანსურ პაკეტში $9.15 მილიარდი მსოფლიოს კონფლიქტის ზონებში დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად არის გამოყოფილი. 

"ეს არის დადებითი პირველი ნაბიჯი. ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის, უკრაინასა და ისრაელში ჩვენი მეგობრების უსაფრთხოებისთვის, ღაზაში უდანაშაულო მოსახლეობისათვისა და ტაივანისთვის". - თქვა სენატის უმრავლესობის დემოკრატმა ლიდერმა, ჩაკ შამერმა. 

შემდეგ ეტაპზე, სენატი კანონპროექტის შესახებ დებატებს მოაწყობს. თავდაცვის დახმარების ფინანსური პაკეტის საბოლოო ფორმის ჩამოყალიბებას შესაძლოა დღეები დასჭირდეს.

"ამ კანონპროექტზე ვიმუშავებთ, სანამ სამუშაოს არ დავასრულებთ". - თქვა შამერმა. 

სენატის მიერ კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, ის ასევე წარმომადგენელთ პალატამ უნდა დაამტკიცოს, რომელშიც რესპუბლიკელები უმრავლესობას წარმოადგენენ. 

კომენტარები