აშშ

აშშ-ს სენატში უკრაინის დახმარებისა და საზღვრის კონტროლის კანონპროექტზე შეთანხმდნენ

აშშ-ს სენატში დემოკრატმა და რესპუბლიკელმა წარმომადგენლებმა საბოლოოდ მიაღწიეს თანხმობას $118-მილიარდიან ფინანსურ პაკეტზე, რომელიც მოიცავს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების ხარჯებს, ასევე მექსიკის საზღვართან კონტროლის გამკაცრებისთვის საჭირო ფინანსებსაც.

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გასულ დღეებში ხაზს უსვამდა, რომ ამ კანონპროექტის მიღება საჩქარო იყო. პირველი დაბრკოლების სავარაუდო გადალახვის მიუხედავად, კანონპროექტის საბოლოო მიღება მალე ვერ მოხერხდება, რადგან ის წარმომადგენელთა პალატამაც უნდა დაამტკიცოს. 

სენატორების მიერ შეთანხმებული ტექსტის გამოქვეყნებიდან მცირე ხანში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა თქვა, რომ ეს ინიციატივა "მიღებამდე მკვდარი" იყო.

პაკეტიდან 60 მილიარდი დოლარი უკრაინის დახმარებისთვის არის განკუთვნილი.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა დემოკრატმა ჩაკ შუმერმა თქვა, რომ კანონპროექტს სენატში კენჭს ოთხშაბათს, 7 თებერვალს უყრიან.

სენატორმა ჯეიმს ლენქფორდმა, რომელიც რესპუბლიკური პარტიიდან ამ პაკეტთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს უძღვებოდა, კანონპროექტში მიგრანტებისთვის თავშესაფრებთან დაკავშირებულ ცვლილებებს "დრამატული" უწოდა და ივარაუდა, რომ მსგავსი სისტემა მიგრანტებს აშშ-ს ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლის მოტივაციას შეუმცირებს. კანონპროექტი მოიცავს დემოკრატიული პარტიის პრიორიტეტებსაც, როგორიცაა დამატებითი საოჯახო და სამუშაო ვიზების გაცემა, მუშაობის შესაძლებლობა აშშ-ს მოქალაქეების ცოლებისა და ქმრებისთვის, რომლებიც საიმიგრაციო ვიზის მიღებას ელიან და მიგრანტ ბავშვთა ადვოკატთან წვდომის გარანტია დეპორტაციის პროცესის დროს. საზღვრის კონტროლი იყო კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ამ ბიუჯეტის მხარდაჭერისგან თავს იკავებდნენ.

სასაზღვრო ცვლილებებს არასაკმარისად მიიჩნევენ დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერები, რომლებისთვისაც მიგრაციის პრობლემა წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.

მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მიგრანტებს გაუჭირდებათ თავშესაფრების მისაღებად შესაბამისი კვალიფიკაციის მიღება და მთავრობას არალეგალების დეპორტაციის ჩქარი ტემპით ჩატარების საშუალებას მისცემს. ამას გარდა, შეთანხმების ტექსტში ნათქვამია, რომ შესაძლებელი გახდება საზღვრის ჩაკეტვა მიგრანტებისთვის, თუ მათი ნაკადი რამდენიმე დღის განმავლობაში არ გაჩერდება.

სენატორების მიერ შეთანხმების გამოქვეყნებამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს სურს, რომ ისრაელისთვის 118-მილიარდიანი პაკეტის მიღმა გამოყოს ცალკეული დახმარება, რომლის ღირებულებაც 17.6 მილიარდი დოლარი იქნება. 

წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჰაქიმ ჯეფრისმა ჯონსონის კანონპროექტს "სენატის ორპარტიული ძალისხმევისთვის ძირის გამოთხრის ცინიკური მცდელობა" უწოდა.

 

კომენტარები