არჩევნები 2024

მელია: სხვადასხვა გზით სიარულმა შეიძლება ჯამურად უფრო მეტი ხმა მოუტანოს ოპოზიციას

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ამ ეტაპზე საკუთარ პოლიტიკურ პარტიას აშენებს და გაერთიანებაზე საუბარი ადრეა. TV პირველის ეთერში მელიამ აღნიშნა, რომ თუ იქნება პოლიტიკური აუცილებლობა, "აქ ჩვენი ვალიც იქნება, ვიფიქროთ, დავსხდეთ და კონკრეტული სხვა გადაწყვეტილება მიიღოთ". მელია ამბობს, რომ ამ ეტაპზე, გაერთიანებაში პირიქით, "შეიძლება, დავინახო გაცილებით მეტი მინუსი, ვიდრე პლუსი, თუმცა, პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არ არის გამორიცხული".

"პრაქტიკულად არ არსებობს ოპოზიციონერი, ვისაც მე არ ვესაუბრები, მაგრამ ვსაუბრობთ სხვადასხვა საკითხის გარშემო, ეს არის სტრატეგიული საკითხები, ხედვა, მომავალი სახელმწიფოს მოწყობას როგორ ხედავს ესა თუ ის სუბიექტი, მაგრამ თქმა იმისა, რომ პანაცეა იქნება გაერთიანება პარტიებს შორის, და ასე უფრო ძლიერები ვიქნებით, ჯერ ამის თქმა არ შემიძლია, უახლოესი მომავალი ამ ყველაფერს გვანახებს" - ამბობს მელია და დადებითად პასუხობს კითხვას, ქართული ოცნების და ენმ-ს გარდა ყველა ოპოზიციონერთან ითანამშრომლებს თუ არა.

"ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ კეზერაშვილსა და ივანიშვილს შორის" - თქვა მელიამ და აღნიშნა, რომ თანამშრომლობას არ გამორიცხავს მხოლოდ ივანიშვილის ოპოზიციასთან.

"ნიკას ვცემ პატივს, გვაქვს წლების განმავლობაში ურთიერთობა, მისი შემოსვლა აქტიურ პოლიტიკაში იქნება წარმატებული, მაგრამ იქნება ნიკა გვარამია ცალკე თავისი პარტიით თუ ჩვენ ერთად ჩამოვაყალიბებთ რამე ტიპის ერთობას, ამაზე საუბარი არის ჯერჯერობით ძალიან ნაადრევი, ყველაფერი გადაწყდება უახლოეს მომავალში... უნდა დავრწმუნდე, რომ ნებისმიერი გაერთიანება არის პროდუქტიული და არა კონტრპროდუქტიული.

იგივე ზურა ჯაფარიძეს პატივს ვცემ ძალიან, ჩვენ ვთანხმდებით, რომ მართლაც არის შანსი, 2030 წელს, მანამდე თუ სწორად იარა სახელმწიფომ, გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ არის ფაქტორები, რომლის გათვალისწინებასაც ჩვენ ვაპირებთ. ელენე ხოშტარიასთან ჯერ არ მქონია შესაძლებლობა საუბრისა" - თქვა მელიამ და არასწორი უწოდა კითხვას, რომ მას ხოშტარიასთან გაერთიანება არ უნდა.

"ასე არ დგას საკითხი, რომ მე ვინმესთან არ მინდა... უბრალოდ, უნდა ვხედავდე პროდუქტიულობას და ჩვენ ყველანი უნდა დავრწმუნდეთ. მე და თქვენ თუ გავერთიანდებით დიანას დასახმარებლად, შეიძლება ეს ეფექტური იყოს და გამოდგეს, მაგრამ თუ მე და თქვენ გავერთიანდებით იმისთვის, რომ დიანას რამე წავართვათ და ამ შემთხვევაში ხმა, შეიძლება, ეს ერთობა არ გამოდგეს, ამიტომ ტარდება შესაბამისი კვლევები, შესაბამისი გამოკითხვები, ვწონით, უფრო მეტი გვაერთიანებს თუ უფრო მეტი გვყოფს...

...რეზიუმე ისაა, რომ არაფერი გადაწყვეტილი არ არის. ამ ეტაპზე, რა მოხდება მომავალში, არის ძალიან რთულად განჭვრეტადი... ინგა გრიგოლიას ამომრჩეველი და ნიკა მელიას თანამოაზრეები თუ ერთიანდებიან, ჯამი იკრიბება თუ არა? იქნებ პირიქით, თქვენც კარგავთ და მეც ვკარგავ, რიგ შემთხვევებში იკარგება და არც ისე ცოტა, ეს უნდა დავინახოთ, მაგრამ არის კონფიგურაციები, სადაც რა თქმა უნდა, ნაკლებია დანაკარგი... სხვადასხვა გზით სიარულმა შეიძლება ჯამურად გაცილებით მეტი ხმა მოუტანოს ოპოზიციას, მე ასე მჯერა" - ამბობს მელია.

ამასთან, ენმ-დან წასული ოპოზიციონერი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, არჩევნებზე რომელიმე ისეთი პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო ნომერი აიღოს, რომელიც თავად არჩევნებზე ასპარეზობას არ აპირებს, აქედან ერთი - ნიკა მაჭუტაძის პარტიაა.

"არის ორი ვარიანტი, ერთერთს ავირჩევთ. უახლოეს პერიოდში ეცოდინება საზოგადოებას, მაგრამ ვადასტურებ, ეს არ იქნება არანაირი გაერთიანება, ეს იქნება წმინდა წყლის ტექნიკური პროცედურების გავლა. კეთილ ნებას გამოიჩენს ასეთი პარტნიორი და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ვებრძოლოთ კორუმპირებულ ივანიშვილს ერთი რომელიღაცა ნომრით" - თქვა მელიამ.

კომენტარები