მთავარი არხის დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ კლინიკა ვივამედში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებთან თავის სამომავლო პოლიტიკური გეგმების შესახებ ისაუბრა. გვარამიას თქმით, ის არაერთ ოპოზიციურ პარტიასა და ლიდერთან განიხილავს თანამშრომლობას, მათ შორის, გირჩი-დროასთან და ენმ-ს ყოფილ წევრ, ნიკა მელიასთან.
"ნიკა მელიასთანაც ყველა შემთხვევაში განვიხილავ თანამშრომლობას, ზურასა [ჯაფარიძე] და ელენესთანაც [ხოშტარია] და მე საერთოდ მომხრე ვარ ფართო სათანამშრომლო ფორმატების. ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა ოპოზიციაში რანაირად შეიძლება, არ მოხდეს, არჩევნების შემდეგ ყოველ შემთხვევაში, გამორიცხულია, რომ სხვანაირად იყოს". - ამბობს ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამიას თქმით, მას სააკაშვილთან, როგორც სხვა პოლიტიკურ ძალასთან, საკუთარი პოლიტიკური გეგმები არ განუხილავს.
"ზოგადად, კონსულტაციებს ჩემს პოლიტიკურ გეგმებზე მეგობრებთან გავდივარ, მაგრამ როცა მეგობრები სხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, არ მგონია, რომ ეს კორექტული იყოს". - აღნიშნავს გვარამია ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე დაზუსტებით, დავით კეზერაშვილი "ვერ და არ იქნება" ნიკა გვარამიას პარტიის დამფინანსებელი.
ნიკა გვარამიამ 15 იანვარს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ მომხრეა ფართო პოლიტიკური გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. მისი თქმით, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მზადაა, "ყველას" დაელაპარაკოს.