სტიქია იმერეთში

ჩასაბარებლად ემზადებოდა 3-ვე შვილი, დედა წასულია 3-4 წელია – მეზობელი ნერგეეთში დაღუპულებზე

ტვ პირველი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მცხოვრები ტელეკომპანია პირველთან საუბრისას ამბობს, რომ მეწყრის შედეგად დაღუპული სამი მოზარდის დედა 3-4 წელია ქვეყნიდან წასულია და საზღვარგარეთ მუშაობს. მისივე თქმით, მოზარდები უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადებოდნენ.

"ასეთი უბედურება პირდაპირ არ ვიცი, რა ბავშვები დაიღუპნენ, რომ იცოდეთ... რა ტყუპი გოგოები, მამა და სამი შვილი. დედა წასულია 3-4 წელია, უგზავნიდა იქიდან ფულს ბავშვებს ამზადებდა, მამა ბავშვებს დაატარებდა მოსამზადებლად. ეს ტყუპები უნიჭიერესები იყვნენ. ბიჭი წელს ამთავრებდა, თან ამზადებდა ყველა საგანში. ნუ უმაღლესში ჩასაბარებლად ემზადებოდა სამივე ბავშვი. მამამისთან ერთად წავიდა სამივე". - ამბობს მეზობელი. 

8 თებერვალს ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული ბოლო - მე-9 ადამიანის ცხედარი იპოვეს. იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწის მასაში მოყვა 4 საცხოვრებელი სახლი. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე უხვი ნალექის მოსვლამ გაააქტიურა. 

კომენტარები