მეწყრული პროცესები უხვმა ნალექმა გაააქტიურა - გარემოს სააგენტო ბაღდათზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მეწყრული პროცესები დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე უხვი ნალექის მოსვლამ გაააქტიურა. 

"ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე, 2024 წლის 7 თებერვალს, მდინარე ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურებას. მეწყერი განვითარდა ფერდობის ქვედა ნაწილში, ძლიერ ციცაბოდ დახრილ ზედაპირზე (60-650), ფერდობის ამგებ ძლიერ გამოფიტულ ტუფქვიშაქვებში, ტუფებში და არგილეტებში (ზეკარის წყება). მეწყრული მოწყვეტის ფლატის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრის სიგანე ზედა ნაწილში 20-25-მ-ია, ხოლო ქვედა ნაწილში 90-100 მ შ. დინამიკაში მოსული მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა შეადგენს 150 000 მ3-ს. რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან. კერძოდ, ქუთაისში, ზესტაფონში და დიმში მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობამ 80-100მმ შეადგინა, რაც თებერვლის თვის კლიმატური ნორმის 50-80%-ს შეადგენდა" - წერია გარემოს სააგენტოს განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობითვე, 6 თებერვალს დიდთოვლობის შედეგად ხულოში ჩამოწვა ზვავი და განვითარდა მეწყრული პროცესები. სტიქიური მოვლენების შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი. ასევე, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში ჩამოწვა მეწყერი.

"კლიმატური ცვლილებების ფონზე, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ გახშირებულია სტიქიური მოვლენები, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. კლიმატური ცვლილებები იწვევს განსაკუთრებით უხვ ნალექებს, რაც მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება თანმდევი სტიქიების, როგორიც არის წყალდიდობები, წყალმოვარდნები, მეწყრები და ღვარცოფები" - ნათქვამია გარემოს სააგენტოს განცხადებაში.


მაშველებმა ნერგეეთში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. 

იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, მიწის მასაში მოყვა 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. 

ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს ერთი მოქალაქე, ეძებენ კიდევ 5 ადამიანს, მათ შორის, არასრულწლოვნებს. 

"სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს.

სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები" - აცხადებს შსს.

კომენტარები