დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

აშშ ახლო აღმოსავლეთში პროირანულ ჯგუფებზე საპასუხო იერიშებს გააგრძელებს – სალივანი

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებითი საჰაერო იერიშების მიტანას და სირიაში, ერაყსა და იემენში პროირანული დაჯგუფებების წინააღმდეგ მოქმედებებს გეგმავს.

მან ამერიკულ ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იორდანიაში დრონის თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი სამხედროს სიკვდილზე აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის "სერიოზული პასუხი ახლა რეალიზების პროცესშია".

"ეს დაიწყო იერიშებით პარასკევს ღამით, მაგრამ ამით არ დამთავრებულა. ჩვენ ვაპირებთ, დამატებით იერიშებსა და მოქმედებებს, რათა მკაფიო გზავნილი გავგზავნოთ, რომ ჩვენს ძალებზე თავდასხმებს, ან ადამიანების მოკვლას, აშშ პასუხს გასცემს". - განაცხადა სალივანმა ინტერვიუში.

მისი თქმით, აშშ-ს მიერ ახლო აღმოსავლეთში მიტანილი იერიშები ეფექტიანი იყო და პროირანული შეიარაღებული დაჯგუფებების სამხედრო შესაძლებლობების დასუსტებას შეუწყო ხელი.

ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ ირანის საზღვრებს შიგნით იერიშების მიტანას, სალივანმა უპასუხა, რომ "სამხედრო გადმოსახედიდან, არ ვისაუბრებ, რა გამოვრიცხეთ და რა - არა". თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელებზე თავდასხმაზე ძლიერი პასუხის გაცემასთან ერთად აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო მასშტაბის ომი არ სურს.

სალივანის ინტერვიუს გამოეხმაურა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი, რომელმაც თეთრი სახლის მრჩეველი გააკრიტიკა. მისი თქმით, ირანთან მიმართებით გამორიცხული არაფერია, რაც მკაფიოდ უნდა გამოიხატოს.

"ჩვენ ირანს არ უნდა ვაშოშმინებდეთ". - თქვა ჯონსონმა და ბაიდენის ადმინისტრაციას ირანთან მიმართებით მეტი სიმწვავისკენ მოუწოდა.


ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-მ ერაყში, სირიასა და იემენში პროირანული დაჯგუფებების ობიექტებზე იერიშები მიიტანა, რაც იორდანიაში დრონის თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი სამხედროს სიკვდილზე პასუხი იყო. საჰაერო იერიშების კამპანიის ფარგლებში, აშშ-მ სირიასა და ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფებისა და თავად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 85-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანა იერიში.

ხოლო 2 თებერვალს იემენში აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ძალებმა იერიშები მიიტანა იემენელი ჰუსიტების დრონებზე, რომლებიც გასაშვებად იყო გამზადებული. აშშ-მ იემენის ჰუსიტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე სამიზნეები დაადგინა, რის შემდეგაც წითელი ზღვის თავზე კიდევ 7 დრონი ჩამოაგდო.

აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ იემენელ ჰუსიტებზე ერთობლივი იერიში დღესაც მიიტანეს. ამერიკის ცენტრალური სარდლობის ცნობით, საჰაერო დარტყმების სამიზნე სულ მცირე 30 ობიექტი იყო და მასში მონაწილეობა ხომალდებმა და ავიაგამანადგურებლებმა მიიღეს. შედეგად, განადგურდა ჰუსიტების ექვსი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა, რომლებიც გასაშვებად იყო მზად.

ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი თავდასხმის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარება გამწვავდა. გააქტიურდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები, რომლებიც აშშ-ს ძალებს სირიასა და ერაყში რეგულარულად ესხმიან თავს. პარალელურად წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებს თავს ესხმიან იემენელი ჰუსიტები, რაზეც აშშ და დიდი ბრიტანეთი საპასუხო დარტყმებით რეაგირებს.

კომენტარები