დანაყოფი 29155

ბულგარეთმა ძებნა გამოაცხადა საბრძოლო მასალის საცავების აფეთქებაში ეჭვმიტანილ 6 რუსზე

ბულგარეთში 2012 წელს მომხდარი აფეთქების კვამლი
AFP/AFP/Getty Images

სოფიას სასამართლომ ძებნა გამოაცხადა რუსეთის 6 მოქალაქეზე, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ბულგარეთში საბრძოლო მასალების საცავებში 2011-2020 წლებში მომხდარი ოთხი აფეთქებების დაგეგმვასა და შესრულებაში.

სასამართლო საჯაროდ არ ასახელებს ეჭვმიტანილი პირების სახელებსა და გვარებს. საქმე, რომლის ფარგლებშიც ძებნა გამოცხადდა, აერთიანებს 2011 წელს მომხდარ ერთ, 2015 წელს მომხდარ ორ და 2020 წელ მომხდარ ერთ აფეთქებას საბრძოლო მასალების სხვადასხვა საცავებში.

2011 წელს აფეთქებულ საცავში ინახებოდა ჭურვები, რომლებიც ბულგარეთს საქართველოსთვის უნდა გადაეცა. ეს ინფორმაცია ბულგარელმა მოსამართლეებმა 2021 წელს დაადასტურეს.

ამას გარდა, რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახური წერს, რომ ექვსიდან სამ ეჭვმიტანილს ბრალი ედება ერთ-ერთი საცავის მფლობელი კომპანიის დირექტორის, ემელიან გებრევის მოწამვლაშიც. ამავე ინფორმაციით, ძებნა ჯერ კიდევ 11 ან 18 იანვარს გამოცხადდა, თუმცა აქამდე საჯაროდ ცნობილი არ იყო.

2023 წლის ოქტომბერში ჟურნალისტურმა საგამოძიებო პროექტმა The Insider-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც დასახელებული იყვნენ რუსეთის სამხედრო დაზვერვის, ГРУ-ს  აგენტები და განხილული იყო მათი მეთოდებიც. როგორც მასალაში იყო ნათქვამი, ამფეთქებლები რუსული დანაყოფი 29155-ის წევრები იყვნენ. სრულად ჟურნალისტურ გამოძიებას ქართულ ენაზე შეგიძლიათ გაეცნოთ აქ – როგორ ააფეთქეს რუსებმა საქართველოსთვის განკუთვნილი ჭურვები ბულგარეთში – The Insider-ის გამოძიება.

კომენტარები