დანაყოფი 29155

როგორ ააფეთქეს რუსებმა საქართველოსთვის განკუთვნილი ჭურვები ბულგარეთში – The Insider-ის გამოძიება

დანაყოფი 29155

როგორ ააფეთქეს რუსებმა საქართველოსთვის განკუთვნილი ჭურვები ბულგარეთში – The Insider-ის გამოძიება

სტატია მომზადებულია The Insider-ის ჟურნალისტური გამოძიების მასალის მიხედვით

The Insider-ი აქვეყნებს რომან დობროხოტოვის, ხრისტო გროზევისა და მაიკლ ვაისის ერთობლივ გამოძიებას, რომელიც რუსული სპეცსამსახურების მიერ 2011 წელს ბულგარეთში საქართველოსთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალების აფეთქების საქმისა  და დივერსანტების ჯგუფთან დაკავშირებულ დეტალებს ააშკარავებს.

The Insider-ის მასალაში ხაზგასმულია, რომ 2011 წელს რუსეთის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს (ГРУ) დანაყოფმა 29155-მა ბულგარეთში, ლოვნიდოლში ააფეთქა საცავი, სადაც საქართველოსთვის გადასაცემი ჭურვები ინახებოდა, რაც რუსი დივერსანტების მიერ NATO-ს ტერიტორიაზე შესრულებული პირველი ტერორისტული თავდასხმა იყო. დივერსანტების ამავე ჯგუფმა მომავალში ინგლისში მოწამლა სერგეი და იულია სკრიპალები და NATO-ს ტერიტორიაზე სხვა საცავებიც ააფეთქეს. ამ ოპერაციების შედეგად მოკვდა და დაშავდა ათეულობით ადამიანი და მოჰყვა რუსი დიპლომატების ქვეყნებიდან გაძევების შემთხვევები. დივერსანტების პირველ თავდასხმასთან დაკავშირებით, The Insider-მა მოიპოვა დანაყოფი  29155-ის წევრების მოგზაურობის ჩანაწერები და მათ შორის კომუნიკაციის ჩანაწერები, რაც მათ ბრალეულობას ადასტურებს და, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ნაწილობრივ განმარტავს, თუ ამ პირებმა როგორ დაიკავეს ვლადიმირ პუტინის რეჟიმში მაღალი პოლიტიკური პოზიციები.

როგორც გამოძიებაშია ნათქვამი, 2011 წელს რუსმა აგენტებმა თავად შეიმუშავეს დისტანციურად კონტროლირებადი დეტონატორები და მექანიზმის მოქმედებაში მომყვანი დანადგარები შენიღბეს. მათ მოგზაურობა კრასნოდარში მდებარე ინფექციური საავადმყოფოდან დაიწყეს, დანადგარები შენიღბეს WiFi-ის გადამცემით, ვაშლის წვენის კონტეინერითა და მობილური ტელეფონის დახმარებით. საბოლოო ჯამში მათ მიზანს მიაღწიეს და საქართველოსთვის განკუთვნილი ჭურვები ბულგარეთში ააფეთქეს.

გამოძიების ყურადღების ცენტრში მოექცა 56 წლის ანდრეი ავერიანოვი, რომელიც გასულ თვეებში რუსეთში მიმდინარე მოვლენებშიც გამოჩნდა. 2023 წლის 31 ივლისს რუსეთი-აფრიკის სამიტის ბოლო დღეზე ვლადიმირ პუტინმა აფრიკელ ლიდერებს საკუთარი მოლაპარაკების ჯგუფის წევრები წარუდგინა. ყველა მათგანმა წარადგინა თავი და ისაუბრა საკუთარ მოვალეობაზე. მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც წარდგენას დიდი ახსნა-განმარტება არ დაუთმო: "ანდრეი ავერიანოვი - უსაფრთხოება". როგორც The Insider-ი აღნიშნავს, ავერიანოვს მართლაც არ სჭირდებოდა დიდი წარდგენა, რადგან მან დიდი ხანია რაც სახელი გაითქვა, როგორც ГРУ-ს გენერალმა, რომელიც დანაყოფ 29155-ს ხელმძღვანელობს. 

გენერალი ავერიანოვი

რა ესაქმებოდა ავერიანოვს აფრიკის სამიტზე ცნობილი ერთ თვეში გახდა, როცა კსკ ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა და მასთან ერთად მოკვდა დმიტრი უტკინი, ვაგნერის მეტსახელით ცნობილი სამხედრო მეთაური. როგორც The Insider-ი წერს, პრიგოჟინის ამბოხებიდან 2 თვეში ვაგნერი ГРУ-ს ოფიციალურ კონტროლში სრულად გადავიდა, ხოლო ავერიანოვი, რომელიც აქამდე საიდუმლო რაზმის მეთაური იყო, ოფიციალური პირი, მოლაპარაკებების მწარმოებელი ჯგუფის წარმომადგენელი გახდა. 

როგორც The Insider-ის ჯგუფმა გაარკვია, სწორედ ავერიანოვი და მისი დანაყოფი 29155 იდგნენ ევროპის ქვეყნებში მომხდარი დივერსიების უკან, რაც 2011 წელს ბულგარეთში საქართველოსთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალების აფეთქებით დაიწყო. 

The Insider-ი და Bellingcat-ის ჟურნალისტური გამოძიებები ავერიანოვზე მრავალ სხვადასხვა მასალას ამზადებდნენ, თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, მისი საიდუმლო მოქმედებები გაჟონილი მონაცემების მეშვეობით უფრო და უფრო იკვეთება. ეს ინფორმაცია მოიცავს ელექტრონულ წერილებს, რომლებიც The Insider-მა მოიპოვა და დანაყოფი 29155-ის ანონიმურ ანგარიშებზე მომზადებულ ჩანაწერებსა და ასაფეთქებლების სქემებს, რომლებიც ავერიანოვისთვის იყო განკუთვნილი.

"ეს ყველაფერი კარგად ჯდება ГРУ-ს და სხვა რუსული სადაზვერვო სააგენტოების აგრესიულ ფარულ ქმედებებში. მათ შორის ევროპის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში შეღწევაც, რაც თავისთავად იყო რუსეთის მზადება ომისთვის". – თქვა ანონიმურად დაზვერვის ერთ-ერთმა ყოფილმა დასავლელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც The Insider-ის მიერ მოპოვებულ მასალებს გაეცნო.

მართალია ავერიანოვის ცხოვრების დიდი ნაწილი ბურუსითაა მოცული, თუმცა ხელთ არსებულ რესურსებს ის საკუთარი კეთილდღეობისთვისაც იყენებდა, რამაც დატოვა გარკვეული კვალი, რომელიც The Insider-ის ჯგუფმა აიღო. მაგალითად, ის სამ წელში ერთხელ ყიდულობდა Land Rover SUV-ს, რომელიც ძვირადღირებული ავტომობილია. მანქანის ფასი $50 000-ს სცდება. გამოძიებამ ბოლო 8 წელში ავერიანოვის რუსეთში გადაადგილების დეტალების გარკვევა სწორედ ოფიცრის მანქანებისადმი სიყვარულითა და სწრაფი სიჩქარით სიარულის ჩვევით შეძლო. სიჩქარის დარღვევის გამო ავერიანოვი ხშირად ჯარიმდებოდა, დავალიანებას კი ოფიციალური სახელით ფარავდა.

ამას გარდა, გაჟონილი ელექტრონული წერილებიდან გაირკვა, რომ ავერიანოვს ქორწინების მიღმა რამდენიმე ურთიერთობა ჰქონდა, საკუთარ ქალიშვილზე ახალგაზრდა ქალებთან. სულ მცირე 3 პარტნიორის სახელი ГРУ-ს ოფიცერზე დაქვემდებარებული პირების კონტაქტების სიაში გამოჩნდა. 

The Insider-ი ოფიცრის ერთ-ერთ ყოფილ პარტნიორს ესაუბრა. ქალმა თქვა, რომ ავერიანოვი მას ძვირადღირებულ საჩუქრებს აძლევდა, კრემლის მახლობლად აცხოვრებდა და დაუნიშნა დაცვაც, რომლის წევრებიც დანაყოფი 29155-ის რიგებიდან იყვნენ შერჩეული. მსგავსი პრივილეგიებით სარგებლობდნენ რაზმის სხვა წევრებიც. გაჟონილი კომუნიკაციების მიხედვით, აგენტებს ნაღდი ფულით ასიათასობით დოლარი ჰქონდათ შეგროვებული. გამოძიების მიხედვით, დანაყოფის თანამშრომლებს, უფროსისგან განსხვავებით, ავტომობილები ცრუ იდენტობაზე აქვთ დარეგისტრირებული და ჯარიმები გადაუხდელი რჩება.

ავერიანოვი ოვერიანოვი ხდება - დანაყოფი 29155-ის შექმნა

2008 წლის ზაფხულში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ნორვეგიის საელჩოს ანდრეი ავერიანოვისთვის, რომელიც მაშინ პოლკოვნიკი იყო, ვიზის მისაღები განაცხადი შეიტანა. შემოდგომაზე ის ოსლოში რუსეთის სამხედრო ატაშედ უნდა დანიშნულიყო. მისი სახელი დიპლომატიურ წრეებში ცნობილი იყო, 2004 წელს ვარშავაში რუსეთის საელჩოში უმცროსი ატაშეს მოვალეობას იკავებდა. პოლკოვნიკმა ვიზა მიიღო, თუმცა ნორვეგიაში მოვალეობის შესასრულებლად არ ჩასულა. 

ამის ნაცვლად ის ГРУ-ს დანაყოფი 29155-ის მეთაურად დაინიშნა. მუშაობის დაწყებისთანავე მან გამოწვრთნა დაზვერვისა და სპეცრაზმის რამდენიმე ახალგაზრდა ოფიცერი. ჯგუფის შემადგენლობა გარკვეული დროის შემდეგ 70 კაცამდე გაიზარდა და საზღვარგარეთ დივერსიული ქმედებების შესრულება ევალებოდათ.

რაზმის წევრებმა ყალბი პასპორტები და ახალი სახელი და გვარი მიიღეს, თუმცა, როგორც The Insider-მა და Bellingcat-მა აღმოაჩინეს, იდენტობის დამადასტურებელი საბუთები თანმიმდევრული ნომრებით დაიბეჭდა, რაც ჟურნალისტურ გამოძიებას დანაყოფი 29155-ის ზოგიერთი წევრის გამოვლენაში დაეხმარა.

The Insider-ის მიერ მოპოვებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ ავერიანოვმა რუსეთის საზღვრებს გარეთ ახალი იდენტობით, "ანდრეი ოვერიანოვის" სახელითა და გვარით (გვარში მხოლოდ ერთი ასო იყო შეცვლილი) პირველად 2009 წლის სექტემბერში, ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში იმოგზაურა. ამ ვიზიტის პარალელურად რუსეთსა და ტაჯიკეთს შორის დუშანბეში მდებარე 201-ე სამხედრო ბაზის გარშემო დაძაბულობა იყო. ამ ბაზაზე ГРУ-ს სპეცრაზმის საკუთარი ბატალიონი ჰყავდა. მომდევნო წელს "ოვერიანოვმა" კიდევ სამ ქვეყანაში იმოგზაურა: 2010 წლის სექტემბერში ვარშავაში, ამავე წლის ნოემბერში ბელგრადში, ხოლო 2011 წლის მარტში კიშინიოვში. ბოლო მოგზაურობა აშშ-ს მაშინდელი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოლდოვაში ვიზიტის თარიღს ემთხვეოდა.

ავერიანოვის დამხმარის ელექტრონული ფოსტიდან მოპოვებული წერილებით (მეილის გატეხა ჰაკერებმა შეძლეს) გაირკვა, რომ მოლდოვიდან დაბრუნებიდან მცირე ხნის შემდეგ რაზმის მეთაური ოთხ ხელქვეითთან ერთად კრასნოდარში გაემგზავრა. ეს ინფორმაცია The Insider-მა ფრენების ჩანაწერების შემოწმებით დაადასტურა. სწორედ აქ დაგეგმეს როგორ უნდა აეფეთქებინათ ბულგარეთში იარაღის საცავი. აგენტებს უნდა მოეფიქრებინათ, როგორ შეიმუშავებდნენ ასაფეთქებელ დანადგარებს. ეს ევალებოდა სამ პირს: მაიორ ვლადიმირ მოისეევს, კაპიტან ალექსეი მაკეევსა და პოლკოვნიკ ვიქტორ მალცევს.

სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც აგენტებმა შეიმუშავეს

საბოლოოდ სამმა აგენტმა შეიმუშავა ასაფეთქებლების სამი სხვადასხვა ვერსია. 

"საკუთარი კონსტრუქციული თავისებურებებით მოცემულ დანადგარს გააჩნია მექანიკური საათის მექანიზმი შორი მანძილიდან ასამოქმედებლად და დამცავი გამთიშველი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს დანადგარით მუშაობის ყველა ეტაპზე მის უსაფრთხოებას". – წერდა მოსიეევი ავერიანოვს The Insider-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში, რომელსაც დანართი N1 ერქვა.

მოისეევის შეფასებით დეტონატორის ამოქმედების მანძილი 300-700 მეტრის შუალედში იყო და აფეთქებამდე 5 წუთისა და 55 წამის ათვლა დაიწყებოდა. "პროდუქტი გამოყენებისთვის მზადაა". - წერდა მოისეევი ავერიანოვს.

ჭურვები საქართველოსთვის

2011 წლის ოქტომბრისთვის საბჭოთა დროინდელ საარტილერიო ჭურვებს ჩეხეთიდან ბულგარეთში გასაგზავნად, სოფელ ვრბეტიცეში ამზადებდნენ. დაწესებულებას ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებული კომპანია ფლობდა, თუმცა ის ხანგრძლივი კონტრაქტით იყო გაქირავებული იარაღით მოვაჭრე ჩეხურ კომპანია IMEX-ზე, რომელიც სლოვაკეთის არმიის მიერ ბულგარული EMCO-ს სასარგებლოდ ჩაბარებულ საბჭოთა წარმოების ჭურვებს ინახავდა. ყოფილი ვარშავის პაქტის ქვეყნებს, ჩეხეთს, ბულგარეთსა და სლოვაკეთს დარჩენილი ჰქონდათ საბჭოთა წარმოების შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მარაგი, რომლის დიდი ნაწილიც მომავალში უკრაინას რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ საბრძოლველად გადასცეს.

2011 წლამდე, 2008-ში რუსეთი საქართველოში შეიჭრა და ორ სეპარატისტულ რეგიონზე უფრო დიდი გავლენა მოიპოვა და სრულ მარიონეტებად აქცია. ფაქტობრივი გამარჯვების მიუხედავად, კრემლში იცოდნენ, რომ ომში საქართველოს არსენალის დიდი ნაწილის განადგურება თბილისის სურვილებს სტატუს კვოს ცვლილებასთან დაკავშირებით არ შეცვლიდა. საქართველოს ჯარი ჩქარი ტემპით ივსებდა მარაგებს. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტიდან 1 წლის შემდეგ რუსეთის გენშტაბის მეთაური, ნიკოლაი მაკაროვი ირწმუნებოდა, რომ მაშინ საქართველოს სამხედრო პოტენციალი უფრო მაღალ მაჩვენებელზე იყო, ვიდრე 1 წლით ადრე. ის ირწმუნებოდა, რომ აშშ საქართველოს შეიარაღებითა და საბრძოლო მასალით "სხვისი ხელებით" ამარაგებდა.

რუსეთს ჰქონდა კონკრეტული ვარიანტები, თუ ვის ეკუთვნოდა ეს "ხელები". პუტინი საქართველოს შეიარაღებაში ღიად ადანაშაულებდა უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტს, ვიქტორ იუშჩენკოს. ამას გარდა, ГРУ-ს ჰქონდა ინფორმაცია იარაღის კიდევ ერთ მიმწოდებელზე: ბულგარეთზე.

როგორც The Insider-თან მთავრობის ყოფილმა წარმომადგენლებმა თქვეს, ომის შემდეგ თბილისთან იარაღის შესყიდვის კონტრაქტები საგრძნობლად შემცირდა. "გახსოვდეთ, რომ ეს პუტინთან ობამას "გადატვირთვის" პერიოდი იყო. ასე რომ, საქართველო ეძებდა [შეიარაღების] გამყიდველებს, სადაც შეეძლო". - აღნიშნა The Insider-თან გიორგი კანდელაკმა.

"ბულგარეთი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც იარაღის ექსპორტისა და შესყიდვის ლიცენზიები გაგვიფორმა. რა სახის შეიარაღება და საბრძოლო მასალა შემოგვქონდა, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რადგან საქართველოს კანონით გასაიდუმლოებულია". - თქვა The Insider-თან ანონიმურად ერთ-ერთმა ქართველმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმეებში ერკვეოდა.

ბულგარეთი საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას აგრძელებდა, მიუხედავად იმისა, რომ დმიტრი მედვედევმა გააჟღერა მუქარა ბულგარეთის МиГ-ის ტიპის თვითმფრინავების ჩამოგდებაზე, თუ სოფია "საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვას გააგრძელებდა".

როგორც The Insider-ი უსვამს ხაზს, თბილისს განსაკუთრებით სჭირდებოდა 152-მმ-იანი ჭურვები. ამ კალიბრის მთავარი გადამყიდველი ევროპაში კომპანია EMCO იყო, რომელიც ბულგარელ ემილიან გებრევს ეკუთვნოდა. 2011 წლის ოქტომბერში, EMCO-მ ჩეხურ IMEX-თან ჭურვების ბულგარეთში ექსპორტირების კონტრაქტი გააფორმა.

EMCO-ს დოკუმენტებში ეწერა, რომ 2011 წელს IMEX-მა ერთ თვეში მიიღო 6 000-ზე მეტი ჭურვი, რომელთაგან 3 120 ერთეული 152-მმ-იანი იყო. ბულგარელმა მოსამართლეებმა 2021 წელს თქვეს, რომ ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილი იყო საქართველოსთვის. The Insider-თან ემილიან გებრევმა თქვა, რომ მას ამ ჭურვების შეკვეთა კონკრეტულად საქართველოსთვის არ გაუმზადებია, მაგრამ როგორც აღნიშნა, ГРУ-ს შესაძლოა ევარაუდა, რომ მათ თბილისი მიიღებდა.

ინფილტრაცია

როგორც The Insider-ი წერს, მაშინ, როცა ჩეხური საბრძოლო მასალა გადასატვირთად გადაანაწილეს, ავერიანოვის ჯგუფის წევრები მოსკოვიდან სოფელ ვრბეტიცეს მახლობლად მდებარე აეროპორტებში ჩავიდნენ. გამოძიების მიხედვით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები ტვირთზე სწორედ ამ დროს დაამონტაჟეს. როგორც The Insider-ი აღნიშნავს, დანაყოფი 29155-ის წევრები დანიშნულების ადგილზე მუდამ სხვადასხვა დროს ჩადიან. დივერსანტების პირველი ჯგუფი 10 ოქტომბერს სლოვაკეთში, ბრატისლავის აეროპორტში ჩაფრინდა. ეს ადგილი IMEX-ის საცავისგან ავტომობილით 90 წუთის სავალზე იყო დაშორებული. ჯგუფში შედიოდნენ ნიკოლაი კონონიხინი (როგორ The Insider-მა და Bellingcat-მა დაადგინა, ეს ადამიანი სინამდვილეში ГРУ-ს ოფიცერი, ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ნიკოლაი ეჟოვი იყო) და სერგეი რიჟიკოვი (როგორ The Insider-მა დაადგინა, ეს ადამიანი სინამდვილეში ГРУ-ს ოფიცერი, ლეიტენანტ-პოლკოვნიკი სერგეი რომანოვი იყო). ორივე აგენტი სლოვაკეთში 20 ოქტომბრამდე რჩებოდა და ჩეხეთში ავტომობილით გადასვლა შეუზღუდავად შეეძლოთ. რადგან ორივე ქვეყანა შენგენის ზონაშია, რუსებს შესაბამისი ვიზით 90 დღის განმავლობაში შეეძლოთ ესარგებლათ შეუზღუდავი მოგზაურობით.

12 ოქტომბერს ვენის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრინდა დანაყოფის მეთაური, ავერიანოვი. როგორც გამოძიებაშია ნათქვამი, მისი მობილურიდან მოპოვებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ 13 ოქტომბერს დანაყოფის მეთაური ჩეხეთში გადავიდა. სავარაუდოდ, ის ჯგუფს სოფელ ვრბეტიცეში ან მის მახლობლად შეუერთდა. ამ სოფლამდე ავსტრიის დედაქალაქიდან მანქანით მისვლას დაახლოებით 2 საათზე მეტი სჭირდება. მოგზაურობის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ავერიანოვი მოსკოვში 18 ოქტომბერს, ვენის აეროპორტიდან დაბრუნდა.

მომდევნო დივერსანტი, რომელიც დანიშნულების ადგილს მიუახლოვდა პოლკოვნიკი ალექსეი კაპინოსი იყო. ის ბრატისლავაში 21 ოქტომბერს ჩავიდა, დიპლომატიური პასპორტითა და რეალური სახელითა და გვარით. ის 2011-2014 წლებში უკრაინაში რუსეთის სამხედრო ატაშეს მოადგილე იყო. როგორც ჟურნალისტურ გამოძიებაშია აღნიშნული, მოგზაურობის მონაცემებსა და კაპინოსის მობილურიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ისიც დანაყოფი 29155-ის წევრი იყო. კაპინოსი მოსკოვში 28 ოქტომბერს დაბრუნდა.

ბოლო აგენტი, რომელმაც რუსეთი დატოვა, იყო რუსტამ ჯამალოვი, ГРУ-ს მაღალი რანგის ოფიცერი, პოლკოვნიკი, რომლის რეალური სახელი და გვარი რუსტამ ჯაფაროვია. მას თან ახლდა რუსლან ბოშიროვი, ანუ სინამდვილეში პოლკოვნიკი ანატოლი ჩეპიგა. ეს უკანასკნელი სკრიპალების მოწამვლის საქმეშიც მონაწილეობდა. ჯაფაროვი და ჩეპიგა ბრატისლავაში 22 ოქტომბერს ჩავიდნენ და 25 ოქტომბერს წავიდნენ, იმ დღეს, როცა EMCO-ს 152-მმ-იანი ჭურვები ჩეხეთიდან ბულგარეთში სატვირთო მანქანით გადაჰქონდათ.

დივერსანტების გადაადგილების თარიღები და მიმართულებები

აფეთქება ლოვნიდოლში

The Insider-ს ალექსანდრ ლუკაშენკოს მოწინააღმდეგე ბელარუსი ჰაკერების ჯგუფმა გაუზიარა საზღვრის კვეთის ინფორმაცია, რომელიც აჩვენებს, რომ 2011 წლის 10 ნოემბერს, 9 საათსა და 43 წუთზე დანაყოფი 29155-ის ორმა წევრმა, ეჟოვმა და რომანოვმა ბელარუს-უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს. ისინი გადაადგილდებოდნენ ავტომობილით, რომელიც რომანოვის ცრუ იდენტობაზე იყო გაფორმებული. უცნობია რას აკეთებდა ორი პირი ამ მომენტიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, თუმცა, როგორც გამოძიებაშია აღნიშნული, მათი მიმართულებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი მომდევნო დღეს ბულგარეთში ჩავიდნენ.

12 ნოემბერს ბულგარეთში, სოფელ ლოვნიდოლში დიდი აფეთქების ხმა გაისმა. დასახლების მახლობლად მდებარე საცავი, სადაც ჩეხეთიდან ჩამოტანილი EMCO-ს 3 120 ერთეული 152-მმ-იანი ჭურვი ინახებოდა, ცეცხლში გაეხვა. პირველი აფეთქების შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა ხელმეორე აფეთქებები და ხანძარი, რაც მაშველებს ტერიტორიაზე მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევდა. ისინი შემთხვევის ადგილამდე მხოლოდ 22 ნოემბერს მივიდნენ.

ერთ-ერთი სერიული აფეთქება, რომელიც ბულგარულმა ტელევიზიამ დააფიქსირა

შემთხვევიდან 5 თვის შემდეგ ბულგარელმა გამომძიებლებმა აფეთქების ადგილიდან 200 მეტრში გაუაქტიურებელი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. როგორც დადგინდა, დანადგარი სრულად არ აფეთქდა, რადგან ასამოქმედებელ მექანიზმს ხარვეზი ჰქონდა.

აფეთქებიდან 10 დღეში, 2011 წლის 23 ნოემბერს ავტომობილმა, რომლითაც ეჟოვი და რომანოვი მოგზაურობდნენ, რუსეთში ჩავიდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ბულგარელმა გამომძიებლებმა იპოვეს სამხილები, რომლებიც მიუთითებდა, რომ აფეთქება თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებამ გამოიწვია, შემთხვევიდან 3 წელში პროკურატურამ გამოძიება დახურა, რადგან, ნივთმტკიცებულებების სიმცირის გამო, კონკრეტულ ბოროტმოქმედებამდე კვალი არ გადიოდა. The Insider-ი ვარაუდობს, რომ ბულგარეთი, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეს განაახლებს.

განმეორებითი დივერსიები

აფეთქებების შედეგად მოკვდა და დაიჭრა ბულგარეთისა და ჩეხეთის რამდენიმე მოქალაქე. ორივე ქვეყანა საჯაროდ ადანაშაულებდა რუსეთს და საპასუხოდ რუსი დიპლომატები გააძევეს, რასაც მოსკოვისგან იგივე პასუხი მოჰყვა. 2021 წელს ბულგარეთის მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა, ივან გეშევმა ლოვნიდოლის საცავში მომხდარ აფეთქებაში რუსეთის ბრალეულობაზე მიუთითა.

"არსებობს საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ დავასაბუთოთ ვარაუდი ემილიან გებრევის მოწამვლას, 2014 წელს ჩეხეთში ჭურვების საცავების აფეთქებებსა და 2011-2020 წლებში ბულგარეთის საწარმოებსა და საცავებში მსგავს ოთხ შემთხვევას შორის კავშირის შესახებ". – ამბობდა ბულგარეთის მაშინდელი მთავარი პროკურორი.

2012 წლის 5 ივნისს ბულგარეთში, სტრალჟა-მარაშის საცავებში ლოვნიდოლის მსგავსი აფეთქებები მოხდა. ამ ობიექტებში ასევე ინახებოდა ჭურვები, ამჯერად EMCO-ს კონკურენტი Sage Consultants-ის. საბრძოლო მასალა წინასწარ იყო მიყიდული საქართველოსთვის და გადასატანად ამზადებდნენ. მათი აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ 1.5-ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. დაიღუპა საცავის სამი თანამშრომელი და მძიმედ დაშავდა 18 ადამიანი. ამას გარდა, მეზობელი სოფლებიდან საჭირო გახდა 150-მდე ადამიანის ევაკუაცია.

როგორც The Insider-ის გამოძიებაშია ნათქვამი, დანაყოფი 29155-ის ერთ-ერთი წევრი, ვლადიმირ მოისეევი სტრალჟა-მარაშში მომხდარი აფეთქების დღეს ბულგარეთში ჩასვლას აპირებდა. ის ვლადიმირ პოპოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტით მოგზაურობდა. აგენტი ამავე ცრუ სახელს იყენებდა 2015 წელს მონტენეგროში წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს. The Insider-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მოისეევი უკრაინიდან, ოდესიდან ბულგარეთის საპორტო ქალაქ ვარნაში უნდა ჩასულიყო, შემდეგ, აფეთქების მომდევნო დღეს, 6 ივნისს სოფიიდან მოსკოვში გაფრენილიყო. როგორც ჩანს მოისეევს გეგმების შეცვლა მოუწია. სტრალჟა-მარაშის საცავის აფეთქებიდან 2 საათის შემდეგ მან შეიძინა ბილეთი, რომლითაც ოდესის აეროპორტიდან მოსკოვში ჩაფრინდებოდა. The Insider-ის მიერ შემოწმებული მოგზაურობის მონაცემების მიხედვით, მოისეევი რუსეთში მართლაც 5 ივნისის ღამეს ჩაფრინდა, ისე რომ ბულგარეთში არ ჩასულა.

თუმცა მოისეევი, დანაყოფი 29155-ის სამ წევრთან ერთად, ბულგარეთს 2015 წლის მარტში ეწვია, კიდევ ერთი საცავის აფეთქებიდან რამდენიმე დღით ადრე. ამჯერად ის ვარნაში სტამბოლიდან ჩაფრინდა. დივერსანტი კვლავ ვლადიმირ პოპოვად ასაღებდა თავს. ის ბულგარეთში 6 მარტს ჩავიდა და იქ 5 დღით დარჩა. მისი სამი პარტნიორი ქვეყანაში ერთი კვირით ადრე იყო ჩასული, 25 თებერვალს და იქ 11 დღე იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო ეჟოვი, რომელი ლოვნიდოლის აფეთქებაში მონაწილეობდა. დანარჩენი ორი იყვნენ პოლკოვნიკი ივან ტერენტიევი (მოგზაურობდა ივან ლებედევის სახელით) და ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ალექსეი კალინინი (მოგზაურობდა ალექსეი ნიკიტინის სახელით). დანაყოფი 29155-ის გაჟონილი კომუნიკაციების მიხედვით, ტერენტიევი ავერიანოვის მოადგილე იყო.

21 მარტს, მოისეევის მიერ ბულგარეთის დატოვებიდან 10 დღის შემდეგ, იგანოვოს საცავში აფეთქდა 2 000-ზე მეტი რაკეტა და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა, რომლებიც უკრაინაში შესატანად იყო გამზადებული. სამხილები, რაც შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს, პოლიციამ სოფიაში გადაიტანა, თუმცა შემდეგში ეს ნივთმტკიცებულებები დაიწვა. 2015 წლის 31 მაისს დილის საათებში სასამართლო ექსპერტიზის შენობაში ხანძარი გაჩნდა. აქამდე, 2 დღით ადრე სოფიაში ჩავიდა დანაყოფი 29155-ის კიდევ ერთი წევრი, ეგორ გორდიენკო (ცრუ სახელით გეორგი გორშკოვი). 30 მაისს, სანამ ხანძარი გაჩნდებოდა, ის სერბეთში გადავიდა.

აფეთქებების დრო და ადგილები ბულგარეთში

დაბრუნება ვრბეტიცეში

2014 წლის 16 ოქტომბერს აფეთქება მოხდა ვრბეტიცაში მდებარე IMEX-ის საცავში, სადაც 3 წლით ადრე ავერიანოვის ჯგუფმა 152-მმ-იანი ჭურვები დანაღმა. შედეგად დაიღუპა IMEX-ის ორი თანამშრომელი. რამდენიმე კვირაში, 3 დეკემბერს აფეთქება საცავის კიდევ ერთ საწყობში მოხდა. 2021 წლის აპრილში ჩეხეთის მაშინდელი პრემიერმინისტრი ამბობდა, რომ მოვლენებში დანაყოფი 29155-ის ჩართულობის საფუძვლიანი ეჭვი არსებობდა. ამის შემდეგ პრაღიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევეს.

ჩეხური მედია ავრცელებდა ცნობას, რომ დანაყოფის ყველაზე ავადსახსენებელი წევრები, ანატოლი ჩეპიგა და ალექსანდრ მიშკინი, რომელიც სკრიპალების მოწამვლაში მონაწილეობდა, 16 ოქტომბამდე IMEX-ის საცავში შესვლის ნებართვის მიღებას ცდილობდნენ. ჩეპიგამ და მიშკინმა საცავში შესვლა IMEX-ის თანამშრომელ ნიკოლაი შაპოშნიკოვის შუამავლობით შეძლეს. როგორც ჩეხი ჟურნალისტები წერდნენ, ეს უკანასკნელი ავერიანოვის მეგობარი იყო. მეტიც, The Insider-ისა და Bellingcat-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ეს ორი ადამიანი 16 ოქტომბრამდე გარკვეული დროით ადრე ერთმანეთს ლისაბონში შეხვდნენ.

შაპოშნიკოვი საბჭოთა არმიის ყოფილი ოფიცერია, რომელიც ავღანეთში იბრძოდა და შემდეგ გადაყვანილი იყო ჩეხოსლოვაკიაში. ის დაახლოებულია ალექსეი კაპინოსთან, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ატაშეს ყოფილ მოადგილესთან, რომელიც დანაყოფი 29155-ის წევრი იყო. მათი კავშირი 2009-2012 წლებში გამყარდა, როცა კაპინოსი კიევში რუსეთის საელჩოში განაწესეს, ხოლო შაპოშნიკოვი უკრაინაში IMEX-ის წარმომადგენელი იყო. ისინი ერთად ესწრებოდნენ უკრაინის იარაღით ვაჭრობის კომპანიის, უკრსპეცექსპორტის შეხვედრებს.

"მუდამ მიკვირდა როცა შაპოშნიკოვი ჩვენს მოლაპარაკებებზე რუსეთის საელჩოს წარმომადგენლის დასწრებას ითხოვდა". – თქვა The Insider-თან უკრსპეცექსპორტის ყოფილმა თანამშრომელმა.

როგორც ჟურნალისტურ გამოძიებაშია ნავარაუდები, შაპოშნიკოვი დანაყოფ 29155-ს ვრბეტიცეს საცავში შესვლაში 2011 წელსაც დაეხმარა.

დაწინაურებული დივერსანტები

ანდრეი ავერიანოვის ქმედებებს მისი უფროსებისგან დაუფასებლად არ ჩაუვლია. სწორედ ამაზე მეტყველებს მისი ზემოხსენებულ სამიტზე გამოჩენა. როგორც The Insider-ი წერს, პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ ავერიანოვი აფრიკაში ადგილობრივი ლიდერების კეთილგანწყობის მოპოვებას და ვაგნერის ჯგუფის გავლენების ჩანაცვლებას ცდილობდა. პარალელურად, პრიგოჟინი მალიში, სუდანსა და ცენტრალურ აფრიკაში მოგზაურობდა და მოწინააღმდეგისთვის ხელის შეშლას ცდილობდა. ახლა ავერიანოვი ГРУ-ს მეთაურის მოადგილე და აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში პუტინის სამხედრო და ჰიბრიდულ ოპერაციებს ზედამხედველობს.

ავერიანოვი არაა ერთადერთი, ვინც დივერსიული მოქმედებების შემდეგ დაწინაურდა. დანაყოფი 29155-ის ოთხი წევრი ბულგარეთში მოწყობილი აფეთქებების შემდეგ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მაღალ ფედერალურ თანამდებობებზე დაინიშნნენ.

ივან ტერენტიევი, ავერიანოვის მოადგილე, რომელიც იგანოვოში მოწყობილ აფეთქებაში მონაწილეობდა, ახლა სახალინის რეგიონში პუტინის მთავარი ფედერალური ინსპექტორია. ამას გარდა ის ГРУ-ში გენერალ-მაიორის რანგამდე დაწინაურდა.

ნიკოლაი ეჟოვი, ჯაშუში, რომელიც 2011-2015 წლებში ბულგარეთში დანაყოფი 29155-ის მიერ შესრულებულ ყველა ოპერაციაში მონაწილეობდა, ახლა მაგადანის რეგიონში ასევე მთავარი ფედერალური ინსპექტორია და უკვე პოლკოვნიკიცაა.

ლოვნიდოლის აფეთქებებში ჩართული რუსტამ ჯაფაროვი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში პუტინის წარმომადგენლის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ხოლო სერგეი რომანოვი თითქმის 10 წელია რაც ტაილანდში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლად მუშაობს.

დანაყოფი 291555-ის აქტიურ წევრად მხოლოდ ვლადიმირ მოისეევი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ის The Insider-მა და Bellingcat-მა მონტენეგროში ჩავარდნილი გადატრიალების მცდელობიდან მალევე ამხილეს. ის უკრაინაში ფართომასშტაბური ომის დაწების პირველ დღეებში გააქტიურეს, როცა ГРУ-ს მიზანი უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების მკვლელობა იყო.

კომენტარები