პაკისტანი

პაკისტანში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერაქტს ორი ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის ქალაქ კვეტაში მიტინგის დროს პოლიციის მანქანა იწვის, 9 მაისი, 2023
Banaras Khan/AFP/Getty Images

30 იანვარს პაკისტანის ბელუჯისტანის რეგიონში მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ადასტურებს.

მოგვიანებით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ საკუთარ Telegram არხზე გამოაცხადა, რომ მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას იღებს.

პოლიციის ცნობით, აფეთქება პაკისტანის ყოფილი პრემიერმინისტრის იმრან ხანის პარტიის (PTI) მიერ ორგანიზებული მიტინგის შემდეგ მოხდა. მიტინგის მიზეზი, რამდენიმე საათით ადრე პაკისტანის სასამართლომ იმრან ხანს სახელმწიფო საიდუმლოების გასაჯაროებისთვის 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ბრალდების მიხედვით, იმრან ხანმა აშშ-ში პაკისტანის ელჩისგან მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია გაასაჯაროვა და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.

პატიმრობის გამო იმრან ხანი ვერ შეძლებს 8 თებერვალს, პაკისტანის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ამასთან ერთად, მედიას ეკრძალება ხანის განცხადებების გაშუქება.

უფრო ადრე პაკისტანის არმიამ განაცხადა, რომ 15 ადამიანი, მათ შორის ორი მშვიდობიანი მოქალაქე და ოთხი სამართალდამცავი, ბელუჯისტანში სეპარატისტი ტერორისტების თავდასხმებს ემსხვერპლა.

მოულოდნელი დაძაბულობა ირანსა და პაკისტანს შორის ბელუჯების საკითხის გარშემო

პაკისტანსა და ირანს 900-კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებთ, რომლის ორივე მხარეს ბელუჯებით დასახლებული რეგიონები - პაკისტანის ბელუჯისტანი და ირანის სისტანი-ბელუჯისტანი მდებარეობს. ბელუჯებს ორივე სახელმწიფოში სეპარატისტული მოძრაობა აქვთ და შესაბამისად, როგორც ირანი, ისე პაკისტანი ბელუჯებს უკვე მრავალი წელია ებრძვიან. 

კომენტარები