ევროკავშირი-საქართველო

NGO-ები 9 პუნქტზე: პარლამენტმა პროცესში არ ჩაგვრთო, ვითხოვთ, მოგვეცეს შესაძლებლობა

ტაბულა

ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

NGO-ების მიხედვით, საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციურ პარტიებთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც გათვალისსწინებული არ იყო განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციების მონაწილეობა. შესაბამისად, 10-მა ორგანიზაციამ პარლამენტს მიმართა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მიღება, თუმცა, NGO-ების მიხედვით, პარლამენტმა თხოვნა არ დაუკმაყოფილა. 

"ხელმომწერი ორგანიზაციები არ ვართ პლატფორმის წევრები, თუმცა, წლებია, ვმუშაობთ ევროკავშირის 9 დათქმით გათვალისწინებულ საკითხებზე. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში იგეგმებოდა სამუშაო შეხვედრა, სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილმა წერილობით მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს და სამუშაო პროცესში ჩართვა ვთხოვეთ. განცხადებაში, რომელსაც დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციები ვაწერდით ხელს, პარლამენტს მოვუწოდეთ, გაეფართოებინა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და უზრუნველეყო ფართო სამუშაო ფორმატის გამართვა და მასში დაინტერესებული ორგანიზაციების ჩართვა. 

მიუხედავად ამისა, ჩვენი მიმართვა ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა და პარლამენტმა უარი თქვა სამუშაო პროცესში ჩართვის ინიციატივის მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეხვედრაზე მიწვევაზე.   

მიგვაჩნია, რომ ევროკომისიის მე-9 დათქმის გათვალისწინებით, პარლამენტი ვალდებულია  უზრუნველყოს რეალური სამუშაო პროცესი, გააფართოოს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას მისცეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა" – წერია განცხადებაში.

განცხადებაზე ხელს აწერენ:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • საფარი
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • დემოკრატიის კვლევის ცენტრი (DRI)
  • ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • ღია სივრცე კავკასია
  • უფლებები საქართველო
  • სამართლიანი არჩევებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი

კომენტარები