რუსეთი

ბაშკირეთში გარდაიცვალა აქციის მონაწილე, რომელიც პოლიციამ დააკავა

საპროტესტო აქცია ბაშკირეთში, რუსეთი, 2024 წლის იანვარი
Zn.ua

რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკა ბაშკირეთში, ქალაქ უფაში, გარდაიცვალა მომიტინგე რიფატ დაუტოვი, რომელიც პოლიციამ საპროტესტო აქციების შემდეგ, მეგობარ ქალთან შეხვედრისას დააკავა.

როგორც გარდაცვლილის და ამბობს, ის გვამის ამოსაცნობად მორგში დაიბარეს. დაუტოვის მშობლებს უთხრეს, რომ პატიმარი ნასვამ მდგომარეობაში იყო და გული გაუჩერდა. მომიტინგის ახლობლები და ნათესავები კი ამბობენ, რომ დაუტოვი ალკოჰოლს არ მოიხმარდა.

დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე პოლიციამ დაუტოვი განყოფილებაში დაიბარა. მას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედებოდა ბრალად. თუმცა დაღუპულის დის თქმით, დაუტოვმა აქცია დაწყებამდე 20 წუთით ადრე დატოვა და "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში" მონაწილეობა არ მიუღია. 


17 იანვარს, ბაშკირეთის ქალაქ ბაიმაკში მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. მომიტინგეები ადგილობრივი აქტივისტის, ფაილ ასლინოვის დაპატიმრებას აპროტესტებდნენ. 

სასამართლოს შენობასთან 3000-დე მომიტინგე მივიდა. მომიტინგეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის შეტაკება მოხდა, სამართალდამცავებმა ხმოვანი ხელყუმბარები გამოიყენეს. შედეგად, დაშავდა ერთი ადამიანი, დააკავეს რამდენიმე პირი. 

ალსინოვი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბაშკირელი აქტივისტია. მისი ორგანიზაცია ბაშკირეთის სუვერენიტეტს ითხოვს. 2023 წლის აპრილში ერთ-ერთ აქციაზე გამოსვლისას მან თქვა ფრაზა "სომხები წავლენ სომხეთში, რუსები რაზიანში, თათრები თათარსტანში". ამ გამონათქვამის გამო პოლიციამ გამოძიება ეთნიკური სიძულვილის მუხლით დაიწყო.

15 იანვარს ალსინოვის მხარდამჭერი პირველი აქცია გაიმართა, რომელზეც 1000-დე ადამიანი მივიდა. 

"ჩვენ არ ვართ ექსტრემისტები და ნაცისტები, ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც ითხოვს კონსტიტუციური უფლებების აღსრულებას. ჩვენ ვითხოვთ კანონის აღსრულებას. კანონი არ უნდა მოქმედებდეს მხოლოდ ერთი კაცის, ხავიროვის სასარგებლოდ. ვითხოვთ ბაშკირეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, ხაბიროვის გადადგომას. ჩვენ ექსტრემისტები არ ვართ, ჩვენ ბაშკირეთის რესპუბლიკის მრავალეთნიკური ხალხი ვართ"! – განაცხადა 15 იანვრის აქციაზე ერთ-ერთმა აქტივისტმა.

17 იანვარს სასამართლომ ალსინოვს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. აქტივისტი ბრალს არ აღიარებს და განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

განაჩენის გამოტანის წინ პოლიცელებმა სასამართლოს შენობისკენ მიმავალი გზები ჩაკეტეს. ადგილობრივების თქმით ქალაქში ახშობდნენ ინტერნეტს. მედიების ცნობით დაიბლოკა რამდენიმე მსხვილი ბაშკირული Telegram-ის არხი. აქციაზე მყოფები სკანდირებდნენ "თავისუფლებას", ასევე ითხოვენ ბაშკირეთის ლიდერის, რადი ხაბიროვის გადადგომას.

რუსულ სამთავრობო მედიაში დაიწერა რესპუბლიკის სულიერი ლიდერის, ხამზა ხაზიფოვის შეფასება. მისი თქმით ალსინოვი "წლების წინ ვაჰაბისტებმა გადმოიბირეს, 7-8 წლის წინ მის გვერდით უკვე იყვნენ ექსტრემისტული ისლამური ორგანიზაციების წევრები".

ბაშკირეთს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით მომიტინგეების წინააღმდეგ მასიური არეულობის მუხლით საქმე აღიძრა. 6 ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.

მიმდინარე მოვლენებს რესპუბლიკის ლიდერი რადი ხაბიროვი მოგვიანებით გამოეხმაურა:

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ნუ ინიღბებით მშვიდობიან ჩაბანებად (მეცხვარე), კეთილ აქტივისტებად, ეს სიმართლე არ არის".

კომენტარები