საქართველო-რუსეთი

რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელს ღარიბაშვილის რუსეთში მიწვევა სურს

რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი, დავით ცეცხლაძე რუსეთში საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიწვევას გეგმავს. ამის შესახებ ცეცხლაძემ Dalma News-თან ისაუბრა.

"გარკვეული ძალები, გარკვეული მოტივებით, ბლოკავენ თბილისში თემებს, რომლებიც რუსეთს უკავშირდება. მაგალითად, ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ქართული დიასპორის მასშტაბურ ღონისძიებებზე მოვიდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, პრემიერმინისტრი ან პრეზიდენტი. დიასპორის დღეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოდიან ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ჩვენ ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავთ იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ ასეთ გრანდიოზულ შეხვედრებზე საკუთარ თანამემამულეებთან. წელს ჩვენ საქართველოს პრემიერმინისტრს გავუგზავნით მოწვევას და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თხოვნა უყურადღებოდ არ დარჩება". – თქვა ცეცხლაძემ.

ცეცხლაძის თქმით, რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს მონაწილეებმა შეძლეს, რომ "საქართველოს ხელისუფლებისთვის ხმა მიეწვდინათ".

"ველით, რომ 2024 წელს ეთნიკური ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება სრულიად გამარტივდება. ეს ძალიან სერიოზული პრობლემა და ძალიან დიდი ტკივილია ეთნიკური ქართველებისთვის როგორც რუსეთში, ისე სხვა ქვეყნებში. ჩვენ შევძელით ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ხმა მიგვეწვდინა საქართველოს პარლამენტისთვის, მივმართეთ პრემიერმინისტრს, პრეზიდენტს, იუსტიციის საბჭოს". – თქვა ცეცხლაძემ.

ცეცხლაძის აზრით, საქართველოს მთავრობა "არ ატარებს ისტერიულ პოლიტიკას". მან დადებითად შეაფასა ქართულ-ჩინური ურთიერთობაც.

"ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც არაა დაკავშირებული ანტირუსულ პროპაგანდასთან და რუსეთის წინააღმდეგ შეკვეთილ პოლიტიკასთან, ძალიან ადეკვატურად აღიქმება". – დაამატა ცეცხლაძემ.

კომენტარები