2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

ნიკი ჰეილის კამპანიის შემომწირველებს MAGA ბანაკში ყოფნა აეკრძალებათ – ტრამპი

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი და 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში რესპუბლიკური პარტიის მოწინავე კანდიდატი დონალდ ტრამპი ნიუ ჰემფშირის პრაიმერის შემდეგ Truth Social-ზე მეტოქე რესპუბლიკელ ნიკი ჰეილიზე წერს

მისი თქმით, სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი რესპუბლიკელებისთვის და, ზოგადად, აშშ-სთვის ძალიან ცუდი კანდიდატია. საკუთარ სოციალურ ქსელზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპი ჰეილის "არაფრით გამორჩეულს" უწოდებს და დამამცირებელი მეტსახელით მიმართავს.

ტრამპი წერს, რომ აქამდე მასთან დამარცხების შემდეგ, მეტოქეების დონორები "დასახმარებლად" მიდიოდნენ, თუმცა, მისი თქმით, ნიკი ჰეილის მხარდამჭერებს ამის საშუალებას არ მისცემს.

ტრამპის თქმით, ნებისმიერისთვის, ვინც ნიკი ჰეილის სასარგებლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში "კონტრიბუციას" გააკეთებს, სამომავლოდ, MAGA (ტრამპის სლოგანი "Make America Great Again") ბანაკში მისი ყოფნა აიკრძალება.

"ჩვენ ისინი (რედ. ჰეილის დონორები) არ გვინდა, და არ მივიღებთ, რადგან ჩვენ წინ ამერიკას ვაყენებთ და ყოველთვის დავაყენებთ!" - წერს ტრამპი.

ტრამპის მწვავე გამოხმაურება ნიუ ჰემფშირში ნიკი ჰეილის სიტყვით გამოვლას მოჰყვა, მას შემდეგ, რაც ჰეილიმ დამარცხების მიუხედავად განაცხადა, რომ რბოლის დამთავრებას არ აპირებს. ტრამპმა ნიუ ჰემფშირში დარეგისტრირებული რესპუბლიკელი ამომრჩევლების 54.3% აიღო, ჰეილიმ კი - 43.3%. შედეგად, ამ დროისთვის აიოვის კოკუსისა და ნიუ ჰემფშირის პრაიმერის შემდეგ, ტრამპს 32, ხოლო ჰეილის 17 დელეგატი ჰყავს.

შემდეგი გადამწყვეტი ეტაპი 24 თებერვალს სამხრეთ კაროლინის პრაიმერი იქნება, რომელსაც ნიკი ჰეილის შტატად მოიხსენიებენ, თუმცა, ტრამპი აქაც ლიდერობს: ბოლო გამოკითხვით, სამხრეთ კაროლინაში ტრამპისადმი მხარდაჭერა 62.2%-ს აღწევს, ხოლო ჰეილი 25.0%-ზეა.

თუკი ჰეილი გადაწყვეტს, ტრამპის კანდიდატურას ბოლომდე შეეცილოს, მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში რესპუბლიკელი კანდიდატები კოკუსებსა და პრაიმერის კენჭისყრებზე წარმატებული შედეგის დადებით შეეცდებიან, პარტიის დელეგატების მხარდაჭერა მოიპოვონ, რითაც გამოვლინდება, თუ ვინ გახდება 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატი.

ამისთვის, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს 2 500 დელეგატიდან, სულ მცირე, 1 215 დელეგატის მხარდაჭერის მოპოვება დასჭირდება.

კომენტარები