ჩრდილოეთ კორეა-სამხრეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთთან შერიგების სიმბოლოდ დადგმული ძეგლი აიღეს – მედია

ფხენიანში, გაერთიანების თაღთან მოსახლეობა ეროვნული განთავისუფლების დღის აღნიშვნისთვისაა შეკრებილი, 2005 წლის 14 აგვისტო
Reuters

ჩრდილოეთ კორეამ აიღო დედაქალაქ ფხენიანში დადგმული ძეგლი, რომელიც სამხრეთთან შერიგების სიმბოლო იყო.

ონლაინგამოცემა NK News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თაღი, რომელიც 2000 წელს ორ კორეას შორის გამართული გარდამტეხი სამიტის შემდეგ დასრულდა და ნახევარკუნძულის გაერთიანების იმედების სიმბოლო იყო, სატელიტურ ფოტოებზე აღარ ჩანს.

სამხრეთ კორეის მთავრობის დოკუმენტების მიხედვით, მონუმენტი, რომელსაც ოფიციალურად ეროვნული გაერთიანების სამი ქარტიის ძეგლი ჰქვია, 30 მეტრის სიმაღლის იყო და დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარების, მშვიდობისა და ეროვნული თანამშრომლობის სიმბოლოს წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 15 იანვარს, უზენაეს სახალხო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას კიმ ჩენ ინმა გაერთიანების თაღის სახელით ცნობილ ძეგლს "სიმახინჯე" უწოდა.

ამავე გამოსვლაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სამხრეთი "მთავარ მეტოქედ და მუდმივ მტრად" მოიხსენია და ამის კონსტიტუციაში ასახვისთვის შესაბამისი ცვლილებებიც დააანონსა.

კომენტარები